ლონდონში მოღვაწე, ახალგაზრდა ქართველი ბიზნესმენის, გუკა თავბერიძის „სავსეს“ ბავშვის საჭმელმა the Grocer Award-ზე წლის საუკეთესო ინოვაციის ჯილდო მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას გუკა თავბერიძე ფეისბუქის პირად გვერდზე თავად აქვეყნებს. ბრენდი „სავსე“ ნატურალურ წვენებს და პროდუქტს აწარმოებს. „სავსე“ დიდი პოპულარობით სარგებლობს დიდ ბრიტანეთში და მისი ბავშვის საჭმელი არაერთხელ გამხდარა დედებისთვის სანდო და რჩეული პროდუქტი. ამჟამად, „სავსე“ 20000-მდე მაღაზიაში იყიდება და კომპანიის ღირებულება 22 მილიონ დოლარს აღწევს.
გუკა თავბერიძეს „სავსეს“ შექმნა დედამისის მიერ დამზადებულმა წვენებმა შთააგონა, რომელთან ერთადაც 5 წლის ასაკში დატოვა საქართველო და ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად. როგორც იგი ხშირად ამბობს, მას არასდროს მოსწონდა „პეპსი“ და „კოკა-კოლა“, რომლებიც, მისი თქმით, მომხმარებლებს ატყუებენ. მას ჯანსაღი პროდუქტის წარმოება სურდა.
ქართველმა ახალგაზრდამ საკმაოდ რთული გზა განვლო. როგორც ის BBC-სთან საუბარში ყვება, მას ყოველთვის სურდა საკუთარი პროდუქციის შექმნა, თუმცა არ ჰქონდა არანაირი გამოცდილება და რესურსი. გუკამ თავისი მიზნის განსახორციელებლად საკმაოდ მაღალანაზღაურებადი სამსახური დატოვა. იგი უამრავ კომპანიას სთავაზობდა დედამისის მიერ დამზადებულ წვენებს, თუმცა დასაწყისში „სავსეს“ პროდუქციით არავინ ინტერესდებოდა. მრავალი მცდელობის შემდეგ, სხვადასხვა მაღაზიების ქსელების მფლობელებს შორის „სავსეს“ წვენებმა დიდი მოწონება დაიმსახურა და მისი გაყიდვა მაღაზიებში დაიწყო. დღეს „სავსე“ დიდ ბრიტანეთში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს და მისი გაყიდვები ყოველწლიურად იზრდება.