სამტრედიაში ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალს მკვლელობის ბრალდება მოეხსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას დაკავებულის ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე ავრცელებს. მაგდა კოტრიკაძე წერს, რომ მკვლელი ქალის ძმა აღმოჩნდა და ახლა ქალს გამოძიება ცრუ ინფორმაციის მიწოდებას ედავება.
"ქალს, რომელსაც ქმრის მკვლელობას აბრალებდნენ და ბრალი წარედგინა სსკ-ის 109- ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში და 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, დღეს ბრალდება შეუცვალეს და ახლა ცრუ ჩვენებას ედავებიან - რატომ თქვი, რომ მე მოვკალიო", - აცხადებს ადვოკატი და აღნიშნავს, რომ ნატო ხელაძე მალე დატოვებს საპატიმროს.
სასამართლო პროცესი გუშინ ქუთაისში გაიმართა. მოსამართლემ ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოზე დაკავებული აცხადებდა, რომ ქმარი მას არ მოუკლავს და მისმა ძმამ მოკლა.
შემთხვევა სამტრედიაში 30 მარტს მოხდა. საქმეზე 29 წლის ქალი იყო დაკავებული.