საქართველოს იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც 2024 წლის 18 მარტის მდგომარეობით, არ ფლობენ არც საქართველოს მოქალაქის პასპორტს, არც ელექტრონულ პირადობის მოწმობას და არც არაელექტრონულ პირადობის მოწმობას, ჯამში 860 918-ია.
მათ შორის არასრულწლოვანია 691 387, ხოლო სრულწლოვანი - 169 531.
ამის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, რომელიც უწყებამ თინა ბოკუჩავას სადეპუტატო კითხვის პასუხად გაუგზავნა.
აღსანიშნავია, რომ აქტიური პირადობის ელექტრონული მოწმობების მფლობელ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა 3 138 447-ს შეადგენს. ხოლო იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც ფლობენ საქართველოს პასპორტს, მაგრამ პირადობის დამადასტურებელ სხვა მოქმედ დოკუმენტებს არა, 402 347-ია. ცნობისთვის, საქართველოს ელექტრონული პირადობის მოწმობას 18 წლის ასაკის პირების შემთხვევაში 10-წლიანი ვადა აქვს, 18 წლამდე ასაკის პირებისთვის კი 4-წლიანი.
საინტერესოა ისიც, რომ 2019 წლის 26 დეკემბრიდან 2024 წლის 18 მარტის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებზე გაცემულია 3238 არაელექტრონული პირადობის მოწმობები (1 თვიანი / რწმენის გამო).
ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქე ვალდებულია 14 წლის ასაკის მიღწევიდან 6 თვის ვადაში აიღოს პირადობის ელექტრონული მოწმობა. კანონიერი წარმომადგენლის სურვილის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის დამზადება შესაძლებელია 14 წლამდე ასაკის პირებზეც.