ჯანსაღი სხეულის შენარჩუნებისთვის სწორი კვება აუცილებელი პირობაა. განსაკუთრებით კომპლექსური და საყურადღებო საღამოს საათებში კვებაა, გამომდინარე იქიდან, რომ მეტაბოლური პროცესები დღის სხვა მონაკვეთთან შედარებით ნელა მიმდინარეობს. ამ თემასთან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კლინიკა "რუსთავის" ენდოკრინოლოგი - ლელა ხიჯაკაძე ესაუბრა.
"სწორი ფიზიოლოგიური დაბალანსირებული კვების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ვახშამი, თუმცა ვახშამი უნდა იყოს დღიური რაციონის დაახლოებით 20-30%-ის ოდენობით, ვინაიდან დღის მეორე ნახევარში ანუ საღამოს საათებში მეტაბოლური პროცესები ნელა მიმდინარეობს და არა დაჩქარებულად. ამ შემთხვევაში, როგორც აღვნიშნე, უნდა მივირთვათ მცირე ულუფა და უპირატესობა მივანიჭოთ რთული ტიპის ნახშირწყლებს და ცილოვან პროდუქტს. საკვები დაძინებამდე 3-4 საათით ადრე უნდა იყოს მირთმეული, თუმცა თუ ორგანიზმი საღამოს საათებში აუცილებლად ითხოვს კვებას, უმჯობესია უპირატესობა მივანიჭოთ ბოსტნეულს, რთულ ნახშირწყლებს და ცილოვან პროდუქტს, თუმცა არა შემწვარ, არამედ მოხარშულ მდგომარეობაში. ვახშამი სწორი ფიზიოლოგიური კვების შემადგენელი ელემენტია და დაძინებამდე 3-4 საათით ადრე აუცილებლად უნდა იყოს მირთმეული, რომ ნივთიერებათა ცვლის პროცესები სწორად განვითარდეს. სწორი ფიზიოლოგიური და დაბალანსებული კვება სწორედ დღის განმავლობაში ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, მიკრო და მაკრო ელემენტების დაბალნსირებული რაოდენობის მიღებას გულისხმობს." - განუცხადა ენდოკრინოლოგმა ლელა ხიჯაკაძემ "ინფო რუსთავს".