საქართველოს მთავრობის მიერ "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მომზადებული კანონპროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა.
ცვლილებების თანახმად, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლება ნაწილობრივ დისტანციური ხდება. ამასთან, მთავრობა გეგმავს, რომ რიგ მიმართულებზე 2025 წლიდან ბაკალავრიატი 3 - წლიანი, ხოლო მაგისტრატურა 1-წლიანი გახდეს. არსებული ინფორმაციით, ცვლილება პირველ ეტაპზე შეეხება ბიზნეს ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამას.
აღსანიშნავია, რომ 1-წლიან სამაგისტრო პროგრამაზე საერთო სამაგისტრო გამოცდის გარეშე ჩაბარება იქნება შესაძლებელი, მაგრამ თუ გამოსაცდელს სურვილი ექნება, რომ გრანტი მოიპოვოს, საერთო სამაგისტრო გამოცდა უნდა ჩააბაროს.
„ბაკალავრიატში, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში ნაწილობრივ იქნება დაშვებული ელექტრონული სწავლება. შესაძლებელი იქნება მაგისტრატურაზე სწავლა განხორციელდეს სრულად ელექტრონულად, იმ შემთხვევაში თუ პროგრამა ხელახლა გაივლის აკრედიტაციას. მინისტრი დაადგენს სწავლის სფეროების ჩამონათვალს, სადაც შესაძლებელი იქნება ელექტრონული სწავლების კომპონენტის ნაწილობრივ ან სრულად გამოყენება.
შესაძლებელი იქნება არანაკლებ 60 კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამის (გარდა რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამებისა) შემუშავება, რომლის დასრულებაც სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების საფუძველი არ იქნება.
არანაკლებ 60 კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობა არ იქნება საერთო სამაგისტრო გამოცდა. არანაკლებ 60 კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარებისას სტუდენტისთვის მხოლოდ 1 წლით გადავადდება ჯარი.
გაჩნდება საკანონმდებლო რეგულაცია, რომლითაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაევალება ონლაინ უნივერსიტეტის კონცეფციის/მოდელის და სტანდარტის შემუშავება 2026 წლამდე,“- ვკითხულობთ საკანონმდებლო პაკეტის განმარტებით ბარათში.