მოსწავლეების დაჯილდოება მერიაში (Photo)

2017-12-14 13:31:45

რუსთავის მერმა 28 სკოლის მოსწავლეები დააჯილდოვა. საქართველოს მასშტაბით გამართულ კონკურსში, რომელიც ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ იყო მიმართული, მოსწავლეებმა პირველი ადგილი დაიკავეს. ირაკლი ტაბაღუა დაინტერესდა, თუ როგორ იქმნებოდა ფილმი, რაზე იყო გადაღების პროცესში მთავარი აქცენტები გამახვილებული და როგორ აპირებენ მოსწავლეები სამომავლოდ პროექტში მიღწეული შედეგების  განვითარებას. შეხვედრის დასრულების შემდეგ მერმა 28-ე სკოლის მოსწავლეები სერტიფიკატით დააჯილდოვა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ირაკლი ტაბაღუა ამბობს: „პროკურატურის პროექტში, რომელშიც რუსთავის 28 სკოლამ გაიმარჯვა, სწორად გადადგმული ნაბიჯია სამოქალაქო აქტივობის გასავითარებლად და მე მინდა, რომ ამ ბავშვებს მადლობა გადავუხადო. მოსწავლეებმა აღიარება საქართველოს მასშტაბით დაიმსახურეს და  მიხარია, რომ ისინი არ აპირებენ ამით შეჩერებას. როგორც მათგან მოვისმინე, ისინი უმცროსკლასელებთან  აპირებენ, ჩაატარონ პრევენციული ღონისძიებები, რომელიც ხელს შეუწყობს ძალადობის შემთხვევების შემცირებას.“,- განაცხადა ირაკლი ტაბაღუა.

28-ე სკოლის მოსწავლე გიორგი ხუციშვილი კი აღნიშნავს, რომ ვიდეოს გადაღებისას უპირველესად ბავშვების ემოციები იყო გათვალისწინებული.

„ვიდეოში უნდა ყოფილიყო ბავშვების ემოციები წარმოჩენილი, რომელსაც საზოგადოება გაიგებდა და გულთან ახლოს მიიტანდა. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ ხალხის გულები გაგვეთბო და პოზიტიურად განგვეწყო ისინი ბავშვების მიმართ. იმედი მაქვს, ასეთი პროექტები გაგრძელდება და განვითარების მხრივ სასიკეთო შედეგებსაც მოიტანს.“

 მერიაში გამართულ დაჯილდოებას ესწრებოდა რესურსცენტრის ხელმძღვანელი თამარ ხეჩიკაშვილი, 28-ე სკოლის დირექტორი და რუსთავის მერის მოადგილე.