ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ოქროს კონტრაბანდის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
ორივე შემთხვევაში დაკავებულებს მანქანაში მოწყობილი სამალავით შემოჰქონდათ ოქროს ნაკეთობები. ამოღებული ძვირფასეულობის ჯამური ღირებულება 130 000 ლარს აღემატება.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ბრალდებულმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი "სარფი"-ს გავლით, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის სალონში მოწყობილი სამალავით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 706 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები, ხოლო, მეორე შემთხვევაში ბრალდებულის მიერ, ასევე ავტომანქანაში მოწყობილი სამალავით, შემოტანილ იქნა არადეკლარირებული 507 გრამი ოქროს ნაკეთობები", - წერია უწყების განცხადებაში.
საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7-წლამდე ვადით.