იცოდი? - რა იყო აშენებული 1948 წლისთვის რუსთავში, როცა ქალაქის სტატუსი მიენიჭა

2024-03-16 16:44:49

იცოდი? - რა იყო აშენებული 1948 წლისთვის რუსთავში, როცა ქალაქის სტატუსი მიენიჭა.

რუსთაველების დიდმა ნაწილმა იცის, რომ ჩვენს ქალაქს ქალაქის სტატუსი 1948 წლის 19 იანვარს მიენიჭა. ამავე წლის 20 იანვრით დათარიღებულ "კომუნისტის" სამშაბათის გამოცემაში დეტალურად განიხილავენ, იმ დროისთვის როგორ მიმდინარეობდა რუსთავის მშენებლობა.

გაზეთში გამოქვეყნებული სტატიის ავტორი რუსთავის რაიკომის მდივანი გიორგი ზედგინიძეა.

1948 წლისთვის მარცხენა სანაპიროზე დასრულებული იყო 15 საცხოვრებელი ბინის მშენებლობა, 112 კი პროცესში იყო. ხოლო მარჯვენა სანაპიროზე ასობით სახლი იდგა.

ქვემოთ ფოტოზე მოცემულია ერთ-ერთი პირველად აშენებული საცხოვრებელი სახლები, რომლებიც ხის აივნებით გამოირჩეოდა.

იმ დროისთვის შენების პროცესში იყო მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს შემაერთებელი მთავარი ხიდი.

1948 წლის 20 იანვრისთვის რუსთავში უკვე აგებული იყო ერთი საშუალო სკოლა, სადაც 700-მდე ბავშვი სწავლობდა, საბავშვო ბაღისა და საბავშვო ბაგის შენობები, აბანო, კლუბი, 20-მდე მაღაზია და 25-მდე საზოგადოებრივი სასადილო.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები