პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე, 4 პირს ბრალდება წარუდგინა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელთა ნაწილი ერთ-ერთმა ბრალდებულმა საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.
"ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებები „მდმა“ და „ექსტაზი“ ამოიღეს.
მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 262-ე და 273-ე პრიმა მუხლებით (ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ოთხივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.