იცოდი? - როგორი იყო რუსთავის პირველი გენგეგმა.
"იცოდის" ერთ-ერთ წინა ნაწილში ვისაუბრეთ იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც 40-იან და 50-იან წლებში ქალაქის გენერალურ დაგეგმარებაზე იმუშავეს.
ვიცით, რომ არქიტექტორთა ჯგუფს მიხეილ ნეპრინცოვი ხელმძღვანელობდა. ამჯერად ისტორიული რუბრიკის ამ ნაწილში განვიხილავთ რა იყო რუსთავის პირველი გენერალური გეგმით დაგეგმილი, როგორი უნდა ყოფილიყო ქალაქი, რამდენ ადამიანს უნდა ეცხოვრა და ა.შ.
ზემოთ მოცემულ ფოტოზე, რომელიც მარცხენა სანაპიროს გენ.გეგმას წარმოადგენს, ნათლად ჩანს, რომ ცენტრალური მოედნის, ცენტრალური პარკის, სტადიონის, სხვადასხვა მწვანე და საცხოვრებელი სივრცის გაკეთება თავიდანვე დაგეგმილი იყო.
მარცხენა სანაპიროს დაგეგმარებაზე მიხეილ ნეპრინცოვმა, დიმიტრი მელიქიშვილმა და ლ. კობალაძემ იმუშავეს.
მარცხენა სანაპიროს საცხოვრებელი ზონა საერთო ფართის 40,29%-ს, 135,7 ჰექტარს შეადგენდა.
დაგეგმარებაში გათვალისწინებული იყო როგორც საბავშვო ბაღების და სკოლების მდებარეობა, ასევე მაღაზიებისაც. გეგმის მიხედვით მაღაზიები ჩაშენებული იყო საცხოვრებელი კორპუსების პირველ სართულებში.
გენგეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა დაბალსართულიან შენობებს, რადგან იმ დროინდელი მოსაზრებით, 1 და 2 სართულიანი შენობები კარგად იცავდა სახლებს მზის სხივების გადახურებისგან. უფრო ნაკლებად სჭირდებოდათ ასეთი ტიპის საცხოვრებელი შენობებისთვის ანტისეისმური ღონისძიებებისთვის მოთხოვნილი წესების დაცვა.
პირველი საცხოვრებელი კორპუსები 1948 წელს სპეციალურად სსრ-თვის შემუშავებული ორი სერიის სტანდარტული დიზაინით შენდებოდა. ეს იყო 151-ე სერიის ერთ-ორ ბინიანი საცხოვრებლები და 209-ე სერიის 12 ბინიანი სახლები.
თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს არ იყო საკმარისი და მალევე დაიწყეს რუსეთის ფედერაციის ქალაქებისთვის განკუთვნილი სერიის სახლების მშენებლობა. ეს იყო 20, 208 და 228 სერიის სახლები.
სერიების მიხედვით განსაზღვრული იყო როგორი დაგეგმარების საცხოვრებელი ბინები უნდა აშენებულიყო. რომელ სართულზე რამდენი ბინა უნდა ყოფილიყო, რამდენ ოთახიანები უნდა ყოფილიყო ეს ბინები, როგორ უნდა ყოფილიყო ოთახების განლაგება და ასე შემდეგ.
სკოლებისა და ბაღების მდებარეობა გეგმის მიხედვით ისე იყო განაწილებული, რომ მოსწავლეებს ცენტრალური გამზირის გადაკვეთა არ უწევდათ. სკოლები მაქსიმალურად იზოლირებული უნდა ყოფილიყო ქალაქის ხმაურისგან.
ქალაქის აქტიური მშენებლობის დაწყებიდან 10 წლის თავზე რუსთავი 8 საბავშვო ბაღი იყო, რომელიც 1300 ბავშვზე იყო გათვლილი.
გენგეგმით გათვალისწინებული იყო, რომ ქალაქში აშენებულიყო აგრარული ბაზარი, კულტურის სახლები, კოლეჯები, სტადიონები, სპორტული კომპლექსი აუზითა და ტანვარჯიშის დარბაზით.
როგორც უკვე ვახსენე, დაგეგმარების დროს დიდი პრიორიტეტი მიენიჭა გამწვანებას. სწორედ ამიტომ შეიქმნა მტკვრის ნაპირზე არსებული ტყის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკი, რომლის ფართობიც 30 ჰექტარი იყო. არსებული მწვანე ნერგების გარდა დაირგო ახალი მცენარეები, მოეწყო სხვადასხვა საბავშვო ატრაქციონი, საზაფხულო კინოთეატრი, ჭიდაობის, ჩოგბურთის კორტების და კალათბურთის მოედნები.
თავდაპირველი გენგეგმის მიხედვით ქალაქის ორივე, მარცხენა და მარჯვენა სანაპიროზე 30 000 ადამიანს უნდა ეცხოვრა, 20-ს მარჯვენაზე და 10-ს მარცხენაზე, თუმცა მოგვიანებით გეგნგეგმაში ცვლილებების შეტანა გახდა საჭირო რადგან 1956 წლისთვის ქალაქში 50 000-მდე ადამიანი ცხოვრობდა.