"ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე ეროვნული გამოცდების ჩაბარება სავალდებულო არ იქნება"

2024-03-01 15:05:01

“ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა და აქ სიახლე არაფერია” - ასე შეაფასა განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, უნივერსიტეტებს სამწლიანი საბაკალავრო და ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამების დანერგვის შესაძლებლობა მიეცემათ. ამ საკითხზე მინისტრმა “იმედის” ეთერში ისაუბრა.

გარდა ამისა, ამილახვარმა კიდევ ორი სიახლე დააანონსა. მინისტრის თქმით, ერთწლიანი პროგრამის გავლის შემთხვევაში სტუდენტები სადოქტორო პროგრამაზე ჩაბარებას ვერ შეძლებენ, სამაგისტრო პროგრამაზე მოსახვედრად კი ეროვნული გამოცდების ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება.

“გვინდა ძალიან მოქნილი ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა შემოვიტანოთ, რომელსაც ბუნებრივია, თავისი შეზღუდვები ექნება. მაგალითად, ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამით სადოქტორო პროგრამებზე ჩაბარება არ იქნება შესაძლებელი. ესეც ამ ეტაპისთვის მხოლოდ ბიზნესის და მენეჯმენტის მიმართულებებისთვისაა დადგენილი, თუმცა ახლავე არ გამოვრიცხავთ, რომ სხვა მიმართულებებიც გავხსნათ.

წინსწრებით გეტყვით, რომ ერთწლიან, 60-კრედიტიან პროგრამას ექნება ერთი მნიშვნელოვანი სიახლე: შესაძლებელი იქნება ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაბარება. თუ დაინტერესებულ პირს სურვილი ექნება, რომ გრანტი მოიპოვოს, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოუწევს ეროვნულ გამოცდებზე გასვლა”, - ამბობს ამილახვარი.

მინისტრის განმარტებით, სამწლიან საბაკალავრო და ერთწლიან სამაგისტრო პროგრამებს უნივერსიტეტები სტუდენტებს ქართულ და ინგლისურ ენებზე შესთავაზებენ. მისივე თქმით, იგეგმება დისტანციური, “ონლაინ” განათლების კანონპროექტის დარეგისტრირებაც, რაც საქართველოზე, როგორც “უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო ჰაბზე”, უცხოელი სტუდენტების მხრიდან მოთხოვნას გაზრდის.

“ეს არის ძალიან მოქნილი როგორც ადგილობრივი,ისე საერთაშორისო სტუდენტებისთვის, რადგან უნივერსიტეტებს მივცემთ ორივე პროგრამის განხორციელების უფლებას როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე. ეს ასევე არის ძალიან მოქნილი ინსტრუმენტი საერთაშორისო, ერთობლივი პროგრამების განსახორციელებლად, ვინაიდან, სრულად არის თანხვედრაში გნებავთ ევროპულ, გნებავთ ამერიკულ პრაქტიკასთან.

მოგეხსენებათ, დღეს ეს კომპონენტები შეზღუდულია, ამ ბაზარსაც ვხსნით და ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იქამდე, რომ საქართველო ჩამოყალიბდეს უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო ჰაბად, რადგან წლიდან წლამდე საერთაშორისო სტუდენტების მხრიდან მოთხოვნა იზრდება და, ბუნებრივია, ამას მხარი უნდა ავუბათ და ბაზარს უფრო მეტი შესაძლებლობა მივცეთ - არ ვიყოთ დამოკიდებული 2 ქვეყანაზე და დივერსიფიცირება გავაკეთოთ, არ იყოს მხოლოდ სამედიცინო განათლება, არამედ სხვა სფეროებიც”, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა TV იმედის ეთერში.