პოლონეთში, სლუპსკის რაიონულმა პროკურატურამ საქართველოს მოქალაქეს მკვლელობისთვის ბრალი წარუდგინა.
კაცს 8-დან 25 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
პოლონური მედიის ცნობით, ნეპალის 28 წლის მოქალაქე 24 თებერვლის ღამით, ქალაქის ერთერთ ჰოსტელში, წვეულების დროს მოკლეს. მას სასიკვდილო ჭრილობა დანით, კისრის არეში მიაყენეს.
საქართველოს მოქალაქის გარდა, საქმეზე ორი უკრაინელი ქალიც დააკავეს. გამოძიების ცნობით, ისინი მკვლელობის იარაღის გადაგდებას ცდილობდნენ. მათ ბრალი დანაშაულის დაფარვისთვის წარუდგინეს, რაც 3 თვიდან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სლუპსკის რაიონული პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით საქართველოს მოქალაქისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, ხოლო უკრაინელი ქალებისთვის - პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნას და ქვეყნიდან გასვლის აკრძალვას.