პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციითა და ამ პროცესში ეროვნული ბანკის ინტენსიური ჩართულობით, "ლიბერთი ბანკმა" ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო - 150 ათასზე მეტ პენსიონერს, ვისაც 2023 წლამდე აქვთ აღებული სესხი, პროცენტი შეუმცირდეთ და გაუტოლდეს იმ პროცენტს, რომელიც დაწესებულია 2023 წლიდან მოყოლებული, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ "ლიბერთი ბანკის" გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, პროცენტის შემცირება შეეხება როგორც ოვერდრაფტებს, ასევე ჩვეულებრივ სესხებს და საუბარია საკმაოდ მაღალ პროცენტში აღებულ სესხებზე.
"პროცენტების შემცირება მოხდება იმ მსესხებლებისთვის, ვისაც სესხი აღებული აქვს 2023 წლამდე. ჯამში, საუბარია 50 ათასზე მეტ სესხზე, რომელთა საშუალო საპროცენტო განაკვეთი 30%-ზე მეტია. ვფიქრობ, "ლიბერთი ბანკის" მიერ მიღებული გადაწყვეტილება სოციალურად საკმაოდ მნიშვნელოვანია და აღსანიშნია, რომ ამავდროულად თვითონ "ლიბერთი ბანკის" ფინანსურ მდგომარეობას არ გააუარესებს. აქედან გამომდინარე, საკმაოდ გონივრული და სოციალურად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მიღებული", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, სებ-ი ინტენსიურად იმუშავებს „ლიბერთი ბანკთან" კონკრეტულად ამ გადაწყვეტილების აღსრულების წესზე, თუ რომელი თარიღიდან ამოქმედდება ეს გადაწყვეტილება და რა წესით მოხდება პროცენტების შემცირება.