რუსთაველი დეპუტატების გამოსვლები პარლამენტში.

2016-12-14 20:47:02

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი განიხილებოდა, რუსთაველმა დეპუტატებმა განცხადებები გააკეთეს. რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა მხეიძე რუსთავში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის ინიციატივით გამოვიდა: მინდა გავაჟღერო ჩვენი წინასაარჩევნო ინიციატივა, რომელიც გულისხმობს რუსთავში თავისუფალი ეკონომიკური ინდუსტრიული ზონის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვას. ეს გარკვეულწილად განტვირთავდა თბილისს, ხოლო რუსთავისთვის იქნებოდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი

პლენარულ სხდომაზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისდეპუტატ, მამუკა ჩიქოვანი კი გადასახადებზე აქციზის ფასების ზრდას გამოეხმაურა: არ შეიძლება არ გამოვეხმაურო იმ ადამიანებს, რომელებიც გადასახადების, აქციზის ზრდას აპროტესტებენ. მინდა მათ სოლიდარობა გამოვუცხადო და ყველა ჩემს კოლეგას მოვუწოდო, რომ ეს გაიზიარონ. ეს ადამიანები ამ გადაწყვეტილების გამო ძალიან დიდი პრობლემებში აღმოჩნდნენ. ხელისუფლებამ ისინი გაწირა. კიდევ უფრო გაურთულა ცხოვრება. მათ მოსახლეობის დიდ ნაწილს, პრაქტიკულად ყველანაირი საარსებო წყარო გადაუკეტეს.

გიორგი ბეგაძემ კი ახალი საბიუჯეტო ინიციატივების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და საპარლამენტო უმცირესობის მიმართ განცხადებაც გააკეთა: ოპონენტები ხშირად საუბრობენ, ჯიბეში ხელის ჩაყოფაზე, საწვავის ხარჯზე, პროდუქტების ფასის გაზრდაზე. მაშინ, როცა ხელისუფლებაში ჩვენი ოპონენტები იყვნენ, საწვავი დოლარნახევარი იყო, დღეს ბენზინი 70-ცენტი ღირს. სწორედ ეს იყო ჯიბეში ხელის ჩაყოფა. ეს ზრდიდა მაშინ პროდუქტებზე ფასს - განაცხადა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა.