უროლოგიური დაავადებები ეწოდება შარდსასქესო სისტემის პათოლოგიებს, რომლებიც შესაძლოა იყოს სხვადასხვა ბუნებისა და წარმომავლობის. უროლოგიური ხასიათის დაავადებებს განეკუთვნება ტოქსიკური დაზიანებები, ტრავმები, ანთებითი პროცესები და ასევე პათოლოგიური ცვლილებები თირკმელებში, შარდის ბუშტში, ურეთრებში, პროსტატაში და მამაკაცის გარეგან სასქესო ორგანოებში. პრობლემასთან დაკავშირებით ინფო რუსთავს ''მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის'' ონკოუროლოგი - კობა კიკნაველიძე ესაუბრა.
ექიმის თქმით, უროლოგიური პრობლემების მქონე პაციენტებს ძირითადად შარდვასთან დაკავშირებული პრობლემები - გაძნელებული შარდვა, ხშირი შარდვა, სისხლიანი შარდის არსებობა აწუხებთ, რაც განსაკუთრებით საყურადღებოა. ონკოუროლოგი ასევე საშარდე სისტემასთან დაკავშირებული ტკივილის არსებობის შემთხვევაში, ექიმთან ვიზიტის აუცილებლობასაც უსვამს ხაზს.
''ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო სისხლიანი შარდის არსებობაა, რომელსაც ჩვენ - ჰემატურიას ვეძახით. გამოკვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ შემთხვევების 20% პროცენტში, ასეთ პაციენტებს სიმსიმვნური დაავადება ჰქონდათ. თვითდამშვიდება, იმით რომ გქონდათ სისხლიანი შარდი, თუმცა ახლა აღარ გაქვთ - არასწორია. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია პაციენტმა მიმართოს ექიმს.'' - აცხადებს კობა კიკნაველიძე.
ონკოუროლოგი ამბობს, რომ შარდვასთან დაკავშირებული პრობლემები არის სხვადასხვა ტიპის: საშარდე ტრაქტის სიმპტომები, იგივე ირიტაციული სიმპტომები, ობსტრუქციული სიმპტომები, შერეული ტიპის სიმპტომები.
''არსებობს მთელი რიგი კითხვარები, რომელთა შევსებაც პაციენტს თავად შეუძლია, რომ გაიგოს რამდენად მკვეთრად არის გამოხატული მისი საშარდე ტრაქტის სიმპტომები, თუმცა მაინც, უმჯობესია პაციენტმა მიმართოს ექიმს, გაიკეთოს მინიმალური გამოკვლევები, როგორიცაა ულტრაბგერითი გამოკვლევა ე.წ. ეხოსკოპია. ეს ძრითადად შეეხებათ მამაკაცებს, რადგან ჩვენ შემთხვევაში უროლოგიური პრობლემები, ქვედა საშარდე ტრაქტის სიმპტომები ძირითადად მამაკაცებშია ხშირი.''-აღნიშნავს ონკოუროლოგი.
ასაკთან ერთად, მამაკაცის პროსტატა ასაკობრივ ცვლილებებს განიცდის და მისი გადიდება ხდება, რაც ეხოსკოპიური ან ულტრაბგერითი გამოკვლევით მარტივივად ფიქსირდება.
''კვლევების ჩატარების შემდეგ აღმოჩნდა, რომ 60-დან 70 წლამდე მამაკაცების 50%-ში აღინიშნება კეთილთვისებიანი პროსტატის გადიდება, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველას სჭირდება ოპერაციული ან თუნდაც მედიკამენტოზური მკურნალობა. პირველი რითაც ჩვენ ვიწყებთ პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზის მკურნალობას, როდესაც აბსოლუტური ჩვენება ოპერაციული ჩარევის არ არის, არის ცხოვრების წესის შეცვლა. პაციენტს ეძლევა რჩევები, თუ როგორ უნდა მოიქცეს. ქცევითი ჩვევების შეცვლა არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, ოპერაციული მკურნალობა არ არის პირველი არჩევის პრეპარატი. შემდგომ ჩვენ გვაქვს მთელი რიგი პრეპარატები, რომლებიც საკმაოდ ეფექტურია წინამდებარე ჯირკვლის გადიდებასთან დაკავშირებული უროლოგიური სიმპტომების სამართავად და სამკურნალოდ. ამ პრეპარატების გამოყენება შეიძლება თვეების და ხანდახან წლების განმავლობაში, იქამდე სანამ არ დადგება იმის საჭიროება, რომ პაციენტს ჩაუტარდეს ოპერაციული მკურნალობა.''-ამბობს ექიმი კობა კიკნაველიძე.
ონკოუროლოგი გვაცნობს შემთხვევებს, როდესაც ქირურგიული ჩარევა აუცილებელი ხდება.
''არსებობს აბსოლუტური ჩვენებები ოპერაციული ჩარევის. ერთ-ერთია, როდესაც პაციენტს შარდის სრული, მდგრადი შეკავება აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ პაციენტს არ შეუძლია მოშარდოს ექიმის დახმარების გარეშე. აუცილებელი ხდება შარდის ბუშტის კათეტერიზაციის ჩატარება. თუ ერთჯერადი კათეტერიზაციის შემდეგ პაციენტის მოშარდვა აღდგა, ესეც არ არის ოპერაციის ჩვენება, მაგრამ თუკი ეს შეკავება არის ეგრეთ წოდებული მდგრადი, როდესაც კათეტერიზაციას რამდენიმე ეპიზოდი აქვს დროის მოკლე პერიოდში, ეს უკვე ოპერაციის ჩვენებაა. ასევე ოპერაციის ჩვენებაა შარდის ბუშტში კენჭის არსებობა, შარდის ბუშტში კენჭის არსებობა გულისხმობს, რომ პაციენტს აქვს ინფრავეზიკალური ობსტრუქცია - შარდს უჭირს შარდის ბუშტიდან გამოსვლა, როგორც წესი ეს არის დაკავშირებული წინამდებარე ჯირკვლის ანუ პროსტატის გადიდებასთან. ასეთ შემთხვევებშიც აუცილებლად ნაჩვენებია ოპერაციული ჩარევა. არის შეემთხვევები, როდესაც პაციენტი მოდის დიდი რაოდენობით ნარჩენი შარდით. ის თვლის რომ შარდავს, თუმცა შარდის ბუშტში არის დიდი რაოდენობით ნარჩენი შარდი. ასეთ დროს, ხდება ობსტრუქციის განვითარება. შარდი არამარტო ბუშტიდან ვერ გამოდის, არამედ იმის გამო, რომ ბუშტი გადავსებულია, გაძნელებულია შარდის პასაჟი თირკმელებიდან შარდის ბუშტისკენ და ასეთ შემთხვევაში პაციენტს უვითარდება ეგრეთ წოდებული ზედა საშარდე ტრაქტის დილატაცია, ანუ გაგანიერება და შესაბამისად ეს იწვევს აზოტემიას, ანუ კრეატინინემიას და ასეთი პაციენტები აუცილებლად საჭიროებენ ოპერაციულ ჩარევას. სამწუხაროდ, ასეთ შემთხვევაში, პაციენტის მკურნალობა უფრო ხანგრძლივია''-აცხადებს ონკოუროლოგი.
მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი თანამედროვედაა აღჭურვილი, რაც ექიმებს როგორც გეგმიური უროლოგიური პაციენტების, ასევე გადაუდებელი და მწვავე შემთხვევების მართვის საშუალებას აძლევს.
''მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში ჩვენ გვაქვს ეგრეთ წოდებული ბიპოლაური ტრანსურეთრული ქირურგიის აპარატურა, რომელიც არის საუკეთესო ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ შეგვიძლია ტრანსურეთრული ქირურგია ჩავუტაროთ პაციენტებს, მათ შორის გადაუდებელ მდგომარეობაში, როცა არის მაკროჰემატურია, როცა არის შარდის ბუშტის ტამპონადა, ასეთ პაციენტებთან ჩვენ შეგვიძლია ჩავატაროთ ოპერაცია გადაუდებელ პირობებში. ჩვენ ვისაუბრეთ პროსტატის კეთილთვისებიან გადიდებაზე და ასეთი ოპერაციების ჩატარება არამარტო ღია წესით, ანუ ეგრეთ წოდებული განაკვეთით, არამედ განაკვეთის გარეშე, საშარდე მილის გავლით არის შესაძლებელი. გარდა მოწყობილობისა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სპეციალისტებისა და თვითონ სერვისის სრულყოფილ მუშაობას. ჩვენს კლინიკაში მუშაობს ოთხი უროლოგი, ანუ კლინიკა შეიძლება ითქვას, რომ არის სრულად დაკომპლექტებული, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ უროლოგიური სერვისი მივაწოდოთ ოცდაოთხი საათის განმავლობაში. ნებისმიერ პაციენტს, რომელსაც აქვს უროლოგიური პრობლემა, ჩვენს კლინიკაში შიძლება ჩაუტარდეს როგორც გამოკვლევები, ასევე დახმარება, იქნება ეს ოპერაციული თუ გამოკვლევითი''-ხაზს უსვამს მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ონკოუროლოგი.