ფრანგული მედიის ცნობით, დააკავეს ქართველები, რომელიც პარიზის, ლიონს, ვილნიუსისა და ვარშავის ბიბლიოთეკებიდან უნიკალურ გამოცემებს იპარავდნენ.
მედიის ცნობით, ძარცვის ერთ-ერთი ფაქტი რამდენიმე დღის წინ, ჟენევის ბიბლიოთეკაში მოხდა, საიდანაც წაღებულია მე-19 საუკუნეში გამოცემული პუშკინის და ლერმონტოვის 9 უიშვიათესი წიგნი.
მათ ნაცვლად, თანამშრომლებს ადგილზე ორიგინალის ასლები დახვდათ. მხოლოდ ამ შემთხვევაში ბიბლიოთეკისთვის მიყენებული ზარალი 650 000 ევროს აჭარბებს.
დაკავებულებს შორის ერთი ქართველი ქალი და კაცია, რომლებიც თანამზრახველთან ერთად ლატვიის ეროვნული ბიბლიოთეკიდან 10 000 ევროდ შეფასებული წიგნის მოპარვისთვის დააკავეს. დაკავებულს ჩხრეკისას ევროპის რამდენიმე ქვეყნის ბიბლიოთეკის ბარათი, საქართველოს მწერალთა კავშირის მოწმობა და ქართული პასპორტი აღმოაჩნდა.
სავარაუდოდ, იგივე ჯგუფმა მოიპარა პუშკინის და გოგოლის ნამუშევრები ესტონეთშიც, ტარტუს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან.
როგორც მედია წერს, სხვა მოპარული წიგნები, ახლა, სავარაუდოდ, მდიდარი რუსი კოლექციონერების ხელშია. სამართალდამცავების ინფორმაციით, წიგნები შავ ბაზარზე უპრეცედენტოდ მაღალ ფასად იყიდება და ძარცვის საერთაშორისო ქსელი რუსეთის დაკვეთით მოქმედებს.