"2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი გახანგრძლივდა"

2023-12-28 11:20:22

ავტო იმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილის, ალექსი ნონიაძის ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ავტო იმპორტიორების მოთხოვნა დააკმაყოფილა და 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი გახანგრძლივდა.

როგორც ნონიაძე სოციალურ ქსელში წერს, შესაბამისი დადგენილება უკვე მზადდება.

"გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში რამდენჯერმე გაიმართა ავტო იმპორტიორებისა და ავტო იმპორტთა ასოციაციის შეხვედრა. ვისაც გაინტერესებთ შეხვედრებმა რა მოიტანა გეტყვით - ყველა ავტომფლობელი, რომლის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ბირკით 2013 წლის ქვემოთ არის და ამა წლის 1 დეკემბრამდე ჩაიტვირთა კონტეინერზე, გზაშია და 1 იანვრამდე არ ესწრება ჩამოსვლა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებით ისარგებლებენ და ჩვეულებრივ დარეგისტრირდებიან.

დადგენილება მზადდება და ოფიციალურად საზოგადოებას საჯაროდ ეცნობება. ყველას დიდი მადლობა ვინც გულშემატკივრობდა, აქტიურობდა და გვერდში დაგვიდგა. მორიგ ჯერზე დადასტურდა, რომ ერთმანეთის გვერდში დგომას და კონსენსუს ალტერნატივა არ გააჩნია, თუ ნორმალური სახელმწიფოს მშენებლობა გვაქვს განზრახული!", - წერს ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე.