ბათუმში ძლიერმა ქარმა პრობლემები შეიქმნა.
ქარის შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსების სახურავები, მოგლეჯილია ხეები, ხეები ავტოსადგოზე ავტომობილებს დაეცა. წინასწარი ინფორმაციით, რამდენიმე მანქანა არის დაზიანებული.
მთელი ღამის განმავლობაში, ძლიერი ქარის გამო, ბულვარში, პარკსა და სკვერებში დაზიანდა ინფრასტრუქტურაც.
ძლიერ ქარმა ბათუმში შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობას სახურავი მთლიანად გადახადა, რამაც მიმდებარე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეაფერხა.
ადგილზე შესაბამისი სამსახურები იმყოფებიან და გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ.
"ძლიერი ქარის შედეგად მრავალბინიანი სახლების სახურავები, თუნუქის შეფუთვები, ელექტროგადამცემი და გარეგანათების ბოძები, მრავალწლოვანი ხეები და მუნიციპალური ავტობუსის გაჩერებები დაზიანდა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო ღონისძიებები, ოპერატიულად ხორციელდება წაქცეული ხეებისგან გზების გათავისუფლების სამუშაოები. საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ მერიის სამსახურები", - აცხადებენ ბათუმის მერიაში.
სტიქიამ პრობლემები შექმნა კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტშიც.
ამ დროის ინფორმაციით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქარმა 10-მდე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.
სტიქიის ზონაში იმყოფებიან ყვარლის მერი და შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები.
გარდა ყვარლისა, ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ახმეტასა და ლაგოდეხის ზოგიერთ სოფელში, მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა და ცენტრალური გზები ჩახერგა. ასევე, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.
ასევე, გუშინ, თბილისში, ნინოშვილის 21 ნომერში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.