2 წელიწადში საქართველოს მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირებმა 7,3 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქარი მიიღეს, ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევაშია აღნიშნული.
აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობების პირებისა და მოსამართლეების მიერ 2020-2022 წლებში მიღებული საჩუქრების დეკლარირებული ინფორმაციის მონიტორინგის შემდეგ, IDFI-მ შეისწავლა მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირების მიერ დეკლარაციაში ასახული საჩუქრების შესახებ ინფორმაცია.
როგორც ორგანიზაციის კვლევაშია აღნიშნული, მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებს ეკრძალება ნებისმიერი საჩუქრის ან მომსახურების მიღება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე. წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მისი თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 15%-ს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრის ღირებულება 5%-ს. ოჯახის თითოეული წევრის მიერ წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 1 000 ლარს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრის ღირებულება 500 ლარს.
IDFI-ს ცნობით, კვლევის ფარგლებში შესწავლილია 2021-2023 წლებში მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირების მიერ შევსებული დეკლარაციები, სადაც დეკლარირებულია თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრების მიერ 2020-2022 წლებში მიღებული საჩუქრების შესახებ ინფორმაცია.
კვლევის თანახმად, 2020-2022 წლებში მუნიციპალიტეტების 224-მა თანამდებობის პირმა ან მისმა ოჯახის წევრმა მიიღო საჩუქარი, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენდა 9.8 მილიონ ლარს.
„2020-2022 წლებში 7,3 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქარი მიღებული აქვთ უშუალოდ დეკლარანტ თანამდებობის პირებს, ხოლო 2,5 მილიონი ლარის საჩუქარი - მათი ოჯახის რომელიმე წევრს.
7,9 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქარი დეკლარანტებს ან მათ ოჯახის წევრებს მიღებული აქვთ კანონით განსაზღვრული ახლო ნათესავებისგან; 1,1 მილიონი ლარის საჩუქარი მიღებული აქვთ ნათესავებისგან, რომელსაც კანონმდებლობა არ მოიაზრებს ახლო ნათესავად; 737,1 ათასი ღირებულების საჩუქარი მიღებული აქვთ მეგობრებისგან, ხოლო 92,2 ათასი ლარის ღირებულების საჩუქრის გამცემად მითითებულია სამსახურებრივი და სხვა კავშირი.
2020-2022 წლებში თანამდებობის პირებს და მათ ოჯახის წევრებს 4.8 მილიონი ლარის ღირებულის საჩუქარი მიღებული აქვთ ფულადი ფორმით, 4.5 მილიონი ლარის საჩუქარი - უძრავი ქონების სახით, ხოლო დანარჩენი 472 ათასი ლარის ღირებულების საჩუქრები წარმოადგენს ავტომობილებს ან სხვადასხვა ფასიან ნივთებს,“- აღნიშნულია კვლევის ძირითადი მიგნებების ნაწილში.
ცნობისთვის, მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირები არიან: მუნიციპალიტეტის მერი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილე, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მისი პირველი მოადგილე და მოადგილე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე და მისი მოადგილე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელი და მისი მოადგილე, რაიონის გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.