"წესის დარღვევაზე ჯარიმა პირველი ჯერზე 2000 ლარამდე"

2023-12-18 11:37:22

წინასაახალწლოდ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები წიწვოვანი მცენარეების მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე კონტროლს ამკაცრებენ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ეროვნული სატყეო სააგენტოს კამპანიას - "ნუ მოჭრი ნაძვს" საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები შეუერთდნენ და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდეს, სადღესასწაულოდ ხელოვნური ნაძვის ხე გამოიყენონ.

წიწვოვანების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე ჯარიმა პირველი ჯერზე 2000 ლარამდე, ხოლო გამეორების შემთხვევაში 5000 ლარის ოდენობით განისაზღვრება, რასაც გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის ოდენობა ემატება. თუ ზიანის ოდენობა 1000 ლარს აჭარბებს, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება.

"წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება შესაძლებელია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში, ასევე, იმპორტირება. კანონიერად მოპოვებული ხე-მცენარეების რეალიზაციის შემთხვევაში, რეალიზატორმა უნდა წარმოადგინოს ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი. თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, მცენარეების ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა მათი ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია გასცემს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.