განათლების და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით 2023-2024 წლის სასწავლო წლის დასრულების შემდეგ მასწავლებლების ახალი სახელფასო ფორმულა მეორე დღიდანვე ამოქმედდება.
"ჩვენთვის ერთ-ერთი და უმნიშვნელოვანესი მიმართულება არის ზოგადი განათლების განვითარება. ამ კუთხით ყველაზე მთავარია მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკის გაუმჯობესება. ჩვენი ხელისუფლების დროს პედაგოგთა ანაზღაურების დაახლოებით 200%-იანი მატება იყო და ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. მიმდინარეობს ახალ სახელფასო ფორმულაზე მუშაობა. პროცესში ჩართულია ყველა დაინტერესებული მხარე. 2024 წლის პირველი ივლისიდან მასწავლებლის ანაზღაურება სრული დატვირთვის შემთხვევაში საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება“- განაცხადა ამილახვარმა.
მინისტრის თქმით, ახალი სახელფასო პოლიტიკის ფარგლებში ყველა მასწავლებელს შეეხება ანაზღაურების მატება, შედეგად, ამილახვარის განცხადებით, ბოლო წლებთან შედარებით, ისინი აიღებენ 4-ჯერ, 5-ჯერ მეტ ხელფასს.
"ჩნდება კითხვა, რატომ პირველი ივლისიდან? იმიტომ, რომ აუცილებელია, სისტემა გადაერთოს ახალ სახელფასო პოლიტიკაზე და ამის გაკეთება შეუძლებელია სასწავლო წლის მიმდინარეობისას. შესაბამისად, სასწავლო წელი როგორც კი დასრულდება – პირველი ივლისიდან ამოქმედდება ახალი სახელფასო სისტემა. ჩვენი გმირი მასწავლებლები იმსახურებენ ღირსეულ ანაზღაურებას. საბოლოოდ, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს სკოლებში კიდევ უფრო ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფას, რაც ჩვენი ნათელი მომავლის საწინდარია“, – აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.