"არა ფემიციდს"

2023-12-08 18:43:51

გარდაბანში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე, მულტისექტორული ადგილობრივი საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - "არა ფემიციდს" ფარგლებში ჩატარდა.

შეხვედრას  რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში მომუშავე საჯარო და არასამთავრობო სექტორის, სამართალდამცავი ორგანოებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პროკურორებმა შეხვედრის მონაწილეებს ფემიციდის, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ, უწყების მიერ განხორციელებული ღონისძიებების და რეგიონში არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

ღონისძიებაზე განიხილეს ის სერვისები, რასაც ოჯახური დანაშაულის შედეგად დაზარალებულ პირებს, მათი საჭიროებების გათვალისწინებით სთავაზობენ. 

ასევე, დანაშაულის პრევენციისთვის და საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით,  დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯებიც.

ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია - "არა ფემიციდს" აშშ-ის საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ხორციელდება.

ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენციაა.

პროკურატურა კამპანიის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს დაინტერესებულ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან, რომელთაც შეუძლიათ წვლილი შეიტანონ სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების პროცესში.