მოსასმენი მოწყობილობები ყოფილი მეუღლის სახლში - დაკავებულია ერთი პირი

2023-11-30 13:33:08

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის განცხადებით,  ყოფილი მეუღლისთვის მოსასმენი აპარატურის დამონტაჟების და მიყურადების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. უწყებას დაზარალებულმა ქალმა მიმართა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 1979 წ-ს დაბადებულმა, ქ. თბილისში მცხოვრებმა ბრალდებულმა, ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ ბინაში - მისაღებსა და საძინებელში, ფარულად დაამონტაჟა მოსასმენი მოწყობილობები, რომლებშიც განათავსა სიმ ბარათები და მათზე სატელეფონო ზარის განხორციელების გზით, თვეების განმავლობაში დაზარალებულების კერძო კომუნიკაციის უკანონო მიყურადებას ახორციელებდა", - წერია უწყების განცხადებაში.

ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის იქნა დაკავებული.

დანაშაული 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე გამოძიება გრძელდება