10 000-ლარიანი საპატიმრო გირაო

2023-11-27 20:13:27

ქალის მიმართ ძალადობის, მუქარის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, კახა აბუაშვილს, იგივე "კაბუს" აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა.

ის პენიტენციურ დაწესებულებას გირაოს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

პროკურატურა მსახიობისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას შუამდგომლობდა, ადვოკატმა მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება ითხოვა, სასამართლოს კი ალტერნატივის სახით 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენება და ასევე საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენება შესთავაზა.

საქმის პროკურორის, გიორგი გოგალაძის განცხადებით, ბრალდებულმა დაზარალებულ თამარ მეგრელიშვილს აბსტრაქტულ პირებზე ეჭვიანობის ნიადაგზე სცემა. პროკურორის განმარტებით, კახა აბუაშვილი ცივ იარაღს, დანას ატარებდა. ამასთან, პროკურორის თქმითვე, ბრალდებულს ქალის მიმართ ჩაგვრითი დამოკიდებულება ახასიათებს, ის ასევე განზრახი დანაშაულების ჩადენისთვის 4-ჯერაა ნასამართლევი და მისივე განმარტებით, მსახიობი მიდრეკილია განზრახი დანაშაულების ჩადენისკენ. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურატურა ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების სააფრთხეებზე მიუთითებდა.

აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა. ადვოკატ დავით სანაძის განცხადებით, საქმეში მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენებაა. ამასთან, ადვოკატის თქმით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალება "კაბუს" არ ეკუთვნის.

დავით სანაძის განცხადებით, კახა აბუაშვილს ამ მომენტისთვის ნასამართლობა არ აქვს, ის გაქარწყლებულია.

ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ თუ პროკურატურა კახა აბუაშვილის პიროვნულ მახასიათებლებზე საუბრობს, დაზარალებული ნარკოტიკული დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშაა და მისი ადეკვატურობა შესამოწმებელია.

სასამართლო პროცესზე კახა აბუაშვილმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ "ადვოკატებს აბსოლუტურად ეთანხმებოდა". ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ მსახიობ კახა აბუაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარუდგინა.