ქალი აბსტრაქტულ პირებზე ეჭვიანობის ნიადაგზე სცემა

2023-11-27 19:11:46

დაკავებული მსახიობის, კახა აბუაშვილის, იგივე „კაბუს" საქმის პროკურორის, გიორგი გოგალაძის განცხადებით, ბრალდებულმა დაზარალებული ქალი აბსტრაქტულ პირებზე ეჭვიანობის ნიადაგზე სცემა. აღნიშნულის შესახებ პროკურორმა საკუთარი შუამდგომლობის წარდგენისას გაჟღერა.

სახელმწიფო ბრალმდებელი მსახიობის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

გოგოლაძის განმარტებით, კახა აბუაშვილი ცივ იარაღს, დანას ატარებდა. ამასთან, პროკურორის თქმით, ბრალდებულს ქალის მიმართ ჩაგვრითი დამოკიდებულება ახასიათებს, ის ასევე განზრახი დანაშაულების ჩადენისთვის 4-ჯერაა ნასამართლევი და მისივე განმარტებით, მსახიობი მიდრეკილია განზრახი დანაშაულების ჩადენისკენ. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურატურა ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებზე მიუთითებს.

„საღამოს საათებში, აბსტრაქტულ პირებზე ეჭვიანობის ნიადაგზე სცემა დაზარალებული , ავტომანქანაში დანის ტარი მარცხენა მუხლის არეში ჩაარტყა და სახეში ხელი რამდენჯერმე გაარტყა, რის შედეგადაც მან სხეულის დაზიანება მიიღო.

ასევე, დანით დაემუქრა დაზარალებულს",- განაცხადა გოგალაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, დაუდგენელია რა ვითარებაში შეიძინა აბუაშვილმა მისი ავტომანქანიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ მსახიობ კახა აბუაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარუდგინა.