საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას, განსაკუთრებით ზღვისპირა რეგიონებში მყოფ მოქალაქეებს, მოუწოდებს, რომ შტორმისა და უამინდობის გამო, თავი შეიკავონ სანაპირო ზოლთან გადაადგილებისგან.
"საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ძლიერი ქარის, უხვი ნალექისა და შტორმის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები მობილიზებული არიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად და კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ შესაბამის სამუშაოებს", - ნათქვამია განცხადებაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 ნოემბრიდან 28 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, შესაძლებელია თოვლის ზვავები, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 5-6 ბალიანი შტორმი.