2023 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 819.9 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 18.2 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი, 45.4 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. ყველაზე მეტი ვიზიტი კი განხორციელდა სომხეთში, თურქეთსა და რუსეთში - ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებულ გამყვანი ტურიზმის III კვარტალის სტატისტიკურ ინფორმაციაში.
ამასთან, აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 647.2 ათასი შეადგინა, რაც 21.7 პროცენტით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 397.6 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 38.2 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საქსტატის მონაცემებით, ვიზიტების უმრავლესობა, 48.1 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 48.2 პროცენტს შეადგენდა.
2023 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (33.4 პროცენტი) განხორციელდა საყიდლების მიზნით.
ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და სომხეთში, შესაბამისად, 279.5 ათასი და 107.6 ათასი ვიზიტი. ამასთან, 2023 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 7.2 ღამე შეადგინა, რაც 2022 წლის III კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.3 ღამე) 13.4 პროცენტით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 96.3 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.