საქართველომ ტურიზმიდან $3.3 მილიარდი მიიღო

2023-10-31 12:18:53

2023 წლის 9 თვეში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან $3.3 მილიარდის შემოსავალი მიიღო.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით ტურიზმის შემოსავალი 29%-ით, ანუ 734 მილიონი დოლარით არის გაზრდილი. ამავე პერიოდში საქართველომ 4.8 მილიონი ვიზიტორი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 45%-ით მეტია.

ქვეყნების მიხედვით, პირველ ადგილზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა დანახარჯებია, რამაც წელს 767 მილიონი დოლარი შეადგინა. წლიურად ეს თანხა 36%-ით არის გაზრდილი. ამასთანავე, სებ-ის მეთოდოლოგიის მიხედვით, ტურიზმის შემოსავლებში არ გაითვალისწინება იმ პირების დანახარჯები, რომლებიც საქართველოში ვიზიტორების ნაცვლად მიგრანტებს წარმოადგენენ და ქვეყანაში 1 წელზე მეტი ვადით რჩება. რუსეთის მოქალაქეთა შორის ასეთი 42%-ია, შესაბამისად მათი დანახარჯები ტურიზმის სტატისტიკაში არ შედის.

ქვეყნების მიხედვით, ვიზიტორების დანახარჯები ასე ნაწილდება:

1. რუსეთის ფედერაცია - $767 მლნ, ზრდა წინა წელთან 36%;

2. თურქეთი - $484 მლნ, ზრდა წინა წელთან 105%;

3. ევროკავშირი - $427 მლნ, ზრდა წინა წელთან 64%;

4. ისრაელი - $258 მლნ, ზრდა წინა წელთან 28%;

5. უკრაინა - $147 მლნ, კლება წინა წელთან 27%;

6. სომხეთი - $124 მლნ, ზრდა წინა წელთან 11%;

7. აზერბაიჯანი - $103 მლნ, ზრდა წინა წელთან 43%;

8. ირანი - $99 მლნ, ზრდა წინა წელთან 37%;

9. საუდის არაბეთი - $89 მლნ, კლება წინა წელთან 40%;

10. ბელარუსი - $85 მლნ, კლება წინა წელთან 60%.

სებ-ის განმარტება დათვლის მეთოდოლოგიაზე:

2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით საქართველოში მყოფი ბელორუსის მოქალაქეების 45.1%; რუსეთის მოქალაქეთა 42.5% და უკრაინის მოქალაქეთა 30.1% შეფასებულია როგორც 1 წელზე მეტი ვადით მყოფი ან აპირებენ საქართველოში 1 წელზე მეტი ვადით დარჩენას, თანახმად საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიისა ისინი არიან საქართველოს რეზიდენტები და მათ მიერ გაწეული ხარჯები არ შედის საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებში.