რუსთავში "ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში ძუძუს კიბოს პრევენციის შესახებ ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.
კამპანიის მიზანია საზოგადოებაში ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას, რომ უფრო მეტმა ქალბატონმა ისარგებლოს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სკრინინგით და სისტემატურად გაიკეთოს გამოკვლევები.
შეხვედრას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, პარლამენტარები ირმა ზავრადაშვილი და რიმა ბერაძე, კლინიკა "რუსთავის" და კოლეჯ "მოდუსის" წარმომადგენლები, უფროსკლასელები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
"ქართული ოცნების ქალთა ორგანიზაცია უკვე მეორე წელია აქტიურად უერთდება ვარდისფერ ოქტომბერს, რომელიც გულისხმობს სკრინინგის პოპულარიზაციას და ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა ვთანხმდებით, რომ ჯანმრთელობა არის უპირველესი და საპრევენციო ღონისძიებები არის მთავარი. მათ შორის სწორედ ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, გასულ წელს ჩატარდა სკრინინგი ჩვენს ქალაქში და მიხარია, რომ მსგავსი აქტივობებით ვერთიანდებით ქალები და ყველა ერთად ვზრუნავთ მომავალ თაობაზე და თითოეულ ადამიანზე",- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
"ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის ქვემო ქართლის ერთ-ერთი წევრის მარი ლიპარტელიანი თქმით, "ვარდისფერი ოქტომბრის" კამპანიის ფარგლებში 27 და 28 ოქტომბერს "კლინიკა რუსთავში" ქალებისთვის უფასო სკრინინგია დაგეგმილი.
"ამ კამპანიის ფარგლებში ჩვენ სხვადასხვა ტიპის აქტივობას ვატარებთ და ყველაზე მნიშვნელოვანი, მგონია, რომ არის სკრინინგის აქცია. უფასო სკრინინგის აქცია მთელი წლის განმავლობაში ისედაც ხორციელდება საქართველოს მასშტაბით, სინამდვილეში ეს არ არის უფასო არამედ სახელმწიფო აფინანსებს ამ ძვირადღირებულ პროცედურებს და ჩვენ გვინდა ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში ყველა ქალბატონს მივაწვდინოთ ეს ინფორმაცია, რომ სკრინინგი საქართველოში შეუძლიათ მიიღონ ნებისმიერ სკრინინგ ცენტრის ფილიალში.
ასევე ამ კამპანიის ფარგლებში, 27 და 28 ოქტომბერს კლინიკა რუსთავის ტერიტორიაზე ეროვნული სკრინინგ ცენტრის მამომობილის მეშვეობით პროფესიონალი ექიმები ჩაატარებენ ქალბატონების გამოკვლევას.
ამის შესახებ ჩვენ ინფორმაცია უკვე გავავრცელეთ, გვაქვს სიები, რომელიც უკვე გადაცემულია სკრინინგ ცენტრისთვის, მოხდება ამ სიების დამუშავება და იმ ქალბატონებთან დაკავშირება, რომლებიც აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს, რაც არის მითითებული და გათვალისწინებული ამ სკრინინგის მოსარგებლეთათვის. მნიშვნელოვანია გავიაზრო, რომ კიბო განაჩენი არაა, ჩვენი სიცოცხლე ჩვენს ხელშია და ადრეული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანია, რომ გადავრჩეთ და გადავარჩინოთ ადამიანები, რომლებიც გვიყვარს",- განაცხადა მარი ლიპარტელიანმა.
სკრინინგში მონაწილეობა შეუძლიათ:
სარძევე ჯირკვლის კიბოს კვლევაზე ქალბატონებს 40-დან 70 წლის ჩათვლით
საშვილოსნოს ყელის გამოკვლევისთვის ქალბატონებს 25-დან 60 წლის ჩათვლით
მსურველებმა რეგისტრაციისთვის დარეკეთ კლინიკა რუსთავის ტელეფონის ნომერზე - 0341250115