რუსთავის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლე, რომელიც წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ოქროს მედალზე დაამთავრებს, მუნიციპალიტეტის მერიისგან 500 ლარიან წახალისებას ამ სასწავლო წლის დასასრულსაც მიიღებენ. აღნიშნულს მერიის სოციალური პროგრამა ითვალისწინებს.
"მოსარგებლე პირებს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოქროს მედალოსანი კურსდამთავრებული მოსწავლეები. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ოქროს მედალოსანი კურსდამთავრებული მოსწავლეების 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით წახალისებას, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულაა 10 დამრგვალების გარეშე და იღებს სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატს.
გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირზე, რომელსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდება - ქალაქი რუსთავი.
პროგრამით მოსარგებლეები არიან როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლის მოსწავლეები", - ვკითხულობთ მერიის ვებ. გევრდზე.
აღსანიშნავია, რომ გასული სასწავლო წლის ოქროს მედალოსანთა დაჯილდოებაზე, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, რომ წახალისებას სამომავლოდ ვერცხლის მედალოსნებიც მიიღებდნენ, რასთან დაკავშირებითაც, სავარაუდოდ, დეტალები მოგვიანებით იქნება ცნობილი.