რუსთავში, სამშვიდობო მისიის დროს დაღუპული რუსთაველი ჯარისკაცის- მიხეილ ნარინდოშვილის მემორიალი გაიხსნა

2023-10-12 17:27:53

რუსთავში, რჩეულიშვილის ქუჩაზე, ავღანეთში სამშვიდობო მისიის დროს დაღუპული რუთაველი ჯარისკაცის მიხეილ ნარინდოშვილის მემორიალი გაიხსნა. საზოგადოებრივ სივრცეს, სადაც მემორიალი განთავსდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა და მიხეილ ნარინდოშვილის სახელი მიენიჭა.

რუსთაველი ჯარისკაცის მემორიალი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილმა, დაღუპული ჯარისკაცის დედასთან-ფიქრია ცალუღელაშვილთან ერთად გახსნეს. ღონისძიებას თავდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრები ესწრებოდნენ.

,,რუსთავში, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ჩვენი თანამოქალაქის, გმირი ადამიანის - მიხეილ ნარინდოშვილის მემორიალი და მისი სახელობის სკვერი გავხსენით. ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ მომავალმა თაობამ იცოდეს ჩვენი გმირის შესახებ, რომელიც ჩვენს ქვეყანას ემსახურებოდა და გმირულად თავი გაწირა“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

,,ჩვენი თხოვნის საფუძველზე, რუსთავის მერიის მხარდაჭერით უკვდავყავით მიხეილ ნარინდოშვილის სახელი. რეაბილიტირებულ სკვერში დღეს გაიხსნა მისი სახელობის მემორიალი. ჩვენ ამ ღონისძიებით პატივს მივაგებთ ყველა იმ ჯარისკაცს, რომელმაც თავი გაწირა საქართველოსთვის და მსოფლიოში მშვიდობისთვის“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი დოხტურიშვილის განცხადებით, გმირების სახელების უკვდავსაყოფად, მსგავსი სივრცეების მოწყობა, სხვა მუნიციპალიტეტებშიც იგეგმება. ,,თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან და რუსთავის მერთან ერთად, დღეს გავხსენით მიხეილ ნარინდოშვილის სახელობის სკვერი და მისი მემორიალი. ასეთი სივრცეების შექმნა უაღრესად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უკვდავყოთ იმ ადამიანების სახელები, რომელთაც ჩვენი ქვეყნისთვის თავი გაწირეს“, - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა.

მიხეილ ნარინდოშვილი, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, 2012 წლიდან მსახურობდა. 2013 წლის 6 ივნისს, 26 წლის რიგითი ჯარისკაცი, ჰელმანდის პროვინციაში, 42-ე ბატალიონზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ექვს ქართველ მებრძოლთან ერთად დაიღუპა.