“დედა იყო ორგანიზატორი, რომ მომხდარიყო უფროსი ადამიანის და მისი შვილის ნიშნობა”

2023-10-11 21:16:29

რუსთავის საქალაქო სასამართლოში 14 წლის აითაჯ შახმაროვის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ბიძის აღკვეთი ღონისძიება მიმდინარეობს.

პროკურატურამ არასრულწლოვანი გოგოს ბიძასა და დედას ბრალდება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე წარუდგინა.

სასამართლო პროცესზე შესვლამდე საქმესთან დაკავშირებით პროკურორმა განცხადება გააკეთა.

ბრალდების მხარე ორივე ბრალდებულის მიმართ მოითხოვს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას. როგორც მოგეხსენებათ ასეთი მოთხოვნა ჩვენ სასამართლოს მიმართ უკვე გვქონდა, როგორც ბიძის, ასევე დედის მიმართ დაკავების შესახებ შესაბამისი განჩინების გაცემა, თუმცა რუსთავის სასამართლომ დედის მიმართ ასეთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მაგრამ ბრალდების მხარემ პოზიცია არ შეიცვალა და დღევანდელ პროცესზე კვლავ დაასაბუთებს თუ რატომ უნდა იყოს დედა პატიმრობაში.

ბრალდების მხარე წარადგენს ყველა არგუმენტს, რატომ უნდა იყოს დედა პატიმარი, რადგან დედა იყო დანაშაულის ორგანიზატორი. მისი გეგმის საფუძველზე მოხდა გოგონას თანაცხოვრება იმ მამაკაცთან, რომელთანაც მას არ ჰქონია სურვილი. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ დედა არის ის პირი, რომელსაც უშუალოდ წვლილი მოუძღვის უკვე შემდგომ გოგონას გარდაცვალებაში. მათ შორის დედის ინიციატივითაც მოხდა გოგონას გათხოვება. 

დედა იყო პირი, რომელსაც მოეწონა ასაკით უფროსი მამაკაცი, შეძლებული. დედა იყოს ორგანიზატორი, რომ მომხდარიყო უფროსი ადამიანის და მისი შვილის ნიშნობა.  შემდეგ უკვე მოტაცებულმა გოგომ მას დაურეკა საშველად და სთხოვა უკან დაებრუნებინა, სწორედ დედა იყო პირი, რომელმაც იმ ადამიანთან ბავშვი დააბრუნა”,- განაცხადა სასამართლო პროცესზე შესვლამდე საქმის პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა.

სასამართლო პროცესის დაწყებამდე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს ბრალდებულების ადვოკატებმა.




ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები