შეეხება თუ არა ახალი შეზღუდვა რუსთავი-თბილისის ავტობუსებს

2023-10-09 13:05:55

დედაქალაქში შესაძლოა, M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა დროის გარკვეულ პერიოდში აიკრძალოს, - ამის შესახებ დედაქალაქის  მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე აიკრძალოს M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობა 08:00-დან 11:00 საათებში და საღამოს 17:00-დან 20:00 საათამდე შუალედში, რომ შეიზღუდოს ამ დიდი გაბარიტების ავტომობილების გადაადგილება კონკრეტული გზის მონაკვეთებში", - აღნიშნა კალაძემ.

"ინფო რუსთავი" დაინტერესდა, შეეხება თუ არა აღნიშნული შეზღუდვა რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მოძრავ M3 კატეგორიის ავტობუსებს.

როგორც საინფორმაციო სააგენტოს თბილისის მერიაში განუცხადეს, შეზღუდვა რუსთავი-თბილისის ავტობუსებზე არ იმოქმედებს.

"რუსთავის ავტობუსებს არ შეეხება, ნამდვილად არ განიხილება ეს", - განგვიცხადეს მერიის პრესსამსახურში.

ცნობილია, რომ რეგულაციასთან დაკავშირებით გამონაკლისები აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებების შემთხვევებში იქნება დაშვებული.

"ეს საგამონაკლისო შემთხვევები იქნება აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებებზე. ეს რეგულაცია არსებით გავლენას მოახდენს სამშენებლო სექტორზე. ჩვენ ვახორციელებთ მათთან კომუნიკაციას, ჯერ შეთანხმებას არ მიგვიღწევია. მათ აქვთ თავიანთი მოსაზრებები, ჩვენ გვაქვს ჩვენი დამოკიდებულება, ყველას ინტერესს ვითვალისწინებთ, თუმცა მთავარი არის ამ ქალაქის ინტერესი, რომ განტვირთული იყოს საცობისგან. ჩვენ გვესმის ბიზნესისაც, არ გვაქვს დამოკიდებულება, რომ ხისტად მივუდგეთ ამ საკითხს. მომდევნო დღეებში ვაპირებთ, სამშენებლო სექტორთან გავაგრძელოთ კომუნიკაცია და ვაჩვენოთ, რას ვაპირებთ, როგორ მიგვაჩნია ამ პროექტის განხორციელება. ყველაფერი კეთდება, რათა ქალაქში გადაადგილება იყოს შესაძლებელი. ვფიქრობ, კერძო ავტომობილების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, თუმცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ნაკლებად დამოკიდებული ვიყოთ კერძო ავტომობილებზე. უფრო მეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, უფრო კომფორტული უნდა გავხადოთ. აღნიშნულ რეგულაციაზე, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მოგვიანებით მოგაწვდით სწორ ინფორმაციას", - განაცხადა კალაძემ.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები