რუსთავში ერთ-ერთი საშაურმე დააჯარიმეს

2023-10-04 23:28:13

რუსთავში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სექტემბრის თვეში მონიტორინგის დროს 7 ობიექტი დააჯარიმა, მათ შორის ერთ-ერთი საშაურმეა.

როგორც "ინფო რუსთავს" სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა განუცხადა, გასულ თვეში ქალაქის მასშტაბით ინსპექტირება 46 ობიექტში განხორციელდა, საიდანაც 7 ობიექტი დაჯარიმდა.

მისი თქმით, ობიექტებს 100-დან 500 ლარამდე ოდენობის ჯარიმები გამოეწერათ.

ობიექტების დაჯარიმება რეგისტრაციის არქონის, ეტიკეტირების დარღვევისა და მითითების შეუსრულებლობის გამო მოხდა.

ჯამში, ქვემო ქართლში, ინსპექტირება 104 ობიექტში ჩატარდა, დოკუმენტური შემოწმება 70-ში, ნიმუშის აღება მოხდა 119-დან.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოში დაწესებულებების იდენტიფიცირებისგან თავს იკავებენ.

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში.