რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ,,რუსთავის წყლის“ ხელმძღვანელობას, საინვესტიციო ვალდებულების შესრულების დეტალური ანგარიში მოსთხოვა.
როგორც ნინო ლაცაბიძემ, კომპანია ,,რუსთავის წყლის“ მფლობელი GGU ჯგუფის გენერალურ დირექტორ ხოსე მიგელ სანტოსთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, ქალაქის წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად, 30 მილიონიანი საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ტემპთან დაკავშირებით, ქალაქის მხრიდან მიდგომა გამკაცრებული იქნება.
სამუშაო შეხვედრას, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრები, სემეკისა და ,,რუსთავის წყლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
რუსთავის მერმა ქალაქის წყალმომარაგებაში არსებულ პრობლემებზე დეტალურად ისაუბრა და ხოსე მიგელ სანტოსს, სემეკის მიერ დამტკიცებული 30 მილიონიანი საინვესტიციო გეგმის შესრულების დეტალური ანგარიშის, ერთი კვირის ვადაში წარდგენა მოსთხოვა.
,,GWP-ის მხრიდან ქალაქში განხორციელებული სამუშაოების ტემპი ჩვენთვის არ არის დამაკმაყოფილებელი. ,,რუსთავის წყლის“ პროექტები ჭიანურდება და მოსახლეობას წყალმომარაგების კუთხით, ისევ აქვს პრობლემა. ჩვენი მხრიდან, ამ მიმართულებით, კიდევ უფრო გამკაცრდება მიდგომები. დღეს გვქონდა სამუშაო შეხვედრა, სადაც მოვითხოვეთ დეტალური ანგარიში თუ რა თანხა დახარჯეს 30 მილიონი ლარის საინვესტიციო ვალდებულებიდან. ერთ კვირაში დავგეგმეთ შეხვედრა, სადაც სემეკთან ერთად ვისაუბრებთ სამომავლო გეგმებზე თუ როგორ შეიძლება მოხსნას კომპანიამ რუსთავის წყალმომარაგებაში არსებული პრობლემა“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.