რუსთავის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლის დროს უკვე 6 ავტომობილის მძღოლი დააჯარიმეს.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში განუცხადეს.
მათი თქმით, დარღვევის გამო მძღოლებს 100 ლარიანი ჯარიმები დაეწერათ.
შეგახსენებთ, რომ 4 სექტემბრიდან 4 დიდ ქალაქში, რუსთავში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სპეციალური ხელსაწყოთი კონტროლს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟები ახორციელებენ.
ცნობისთვის, სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 100 ლარით, დარღვევის განმეორების შემთხვევაში (იგივე ქმედება ჩადენილი პირველი დაჯარიმებიდან 15 დღის შემდეგ) - 300 ლარით, ბოლოს დადებული სახდელიდან 15 დღის შემდეგ სამართალდარღვევის კვლავ განმეორების შემთხვევაში - 600 ლარით. იურიდიული პირი კი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორებით შემთხვევაში - 1500 ლარით, მესამედ განმეორების შემთხვევაში - 3000 ლარით.
გამონაბოლქვის შემადგენლობის შემოწმებაზე თავის არიდება ისჯება იგივე სანქციით.
ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს, ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.
პირი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის გამოვლენიდან 2 საათის განმავლობაში, სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, მფლობელი ან/და მესაკუთრე, თავისი ხარჯით, სათანადო სატრანსპორტო საშუალებას აკრედიტებულ ინსპექტირების ცენტრში ჩაუტარებს ინსპექტირებას და დადგინდება, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვი დადგენილ ნორმას შეესაბამება.