რუსთავში საქართველოში პირველი მუნიციპალური სერვისების ცენტრი გაიხსნა [video]

2023-09-01 15:41:57

რუსთავში საქართველოში პირველი მუნიციპალური სერვისების ცენტრი გაიხსნა .

ამიერიდან, მოქალაქეები მერიის უკლებლივ ყველა სერვისით, ერთ სივრცეში ისარგებლებენ.

"ჩვენ გავაგრძელებთ რეფორმებს იმისთვის, რომ  თითოეულმა რუსთაველმა მერიასთან კომუნიკაციის დროს, მიიღოს სწრაფი, ეფექტური და მასზე მორგებული სერვისები", - აღნიშნა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

გახსნას პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი დაესწრო.

"მინდა მადლობა გადავუხადო რუსთავის მერს, ნინო ლაცაბიძეს, რომ ასეთი ინოვაციური იდეა განავითარა თავის გუნდთან ერთად. ვფიქრობ, რომ სამაგალითოა ეს გადაწყვეტილება სხვა მუნიციპალიტეტებისთვის", - განაცხადა პაპუაშვილმა.

პროექტი, რუსთავის მერიაში მიმდინარე მუნიციპალური სერვისების რეფორმის ფარგლებში, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა.

გახსნის ღონისძიებაზე, ქალაქის მერმა, რეფორმირებული სერვისებისა და მუნიციპალური სერვისების ცენტრის შესახებ პრეზენტაციაც წარადგინა.

საქართველოში პირველი მუნიციპალური სერვისების ცენტრის გახსნას ასევე ესწრებოდნენ USAID - ის მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი - ჯუნიპერ ნილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი და ქალაქის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების"  დეპუტატები.

ცენტრი, სადაც მოქალქეებს უნივერსალური ოპერატორები მოემსახურებიან, ყველა საჭირო ტექნიკითაა აღჭურვილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეების მისაღებადაც.

სოციალური, არქიტექტურული, ინფრასტრუქტურული, კორპუსის კეთილმოწყობის თუ სხვა სახის პროგრამებით სარგებლობას, რუსთაველები ახალ, თანამედროვე სივრცეში შეძლებენ, სადაც მათ უნივერსალური ოპერატორების გარდა, მითერ კონსულტანტები, მუნციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურის და მერის წარმომადგენლებიც  გაუწევენ საჭირო კონსულტაციას.