რუსთავში, ბაზრის მიმდებარედ, გარემოვაჭრეების დახლები აიღეს [photo]

2023-08-17 12:19:08

რუსთავის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურმა ე.წ. სტამბულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიდან გარემოვაჭრეების დახლები აიღო.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ტერიტორია სამსახურმა გუშინ, ღამის საათებში გაასუფთავა.

ამ დროისთვის, იმ ლოკციაზე, სადაც გარევაჭრობა მიმდინარეობდა, რკინის ჯებირები მოეწყო, დაიდგა დეკორატიული მცენარეები.

მოვაჭრეების თქმით, მათ არ აქვთ საშუალება, რომ  საქმიანობა უშუალოდ ბაზრის ტერიტორიაზე გააგრძელონ. მათივე ინფორმაციით, ტერიტორიიდან დახლების აღება ნივთების მესაკუთრეების გარეშე მოხდა.

"შედით ბაზარშიო, ბაზარში 6 ლარს ჩვენ ვერ გადავიხდით, არ გვაქვს ისეთი საქონელი, რომ ჩვენ ეს გადავიხადოთ, მოდითო, გამწვანებაში დაგასაქმებთო, 73 წლის ქალი ვარ, რომელ გაწმვანებაში უნდა ვიმუშაო, მე აქ ხან გამოვდივარ, ხან ვერა, რომ ბავშვებს შევუტანო ლუკმა-პური.

გუშინ მოსულიყვნენ და ეთქვათ, რომ უნდა ავალაგოთ, ჩვენთან ერთად უნდა აელაგებინათ. 2 კვირის წინ იყვნენ და გვითხრეს, რომ გარევაჭრობა უნდა მოისპოსო. არ უთქვამთ, რომ მოვალთ, ავყრით და რამე",
- აცხადებს გარემოვაჭრე. 

რუსთავის მერიაში აცხადებენ, რომ მერია ვალდებული გახდა, მიეღო კანონის შესაბამისი და მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ზომები.

"მოგეხენებათ, ცხელი ზაფხულის ფონზე, კიდევ უფრო მეტად აქტუალური გახდა  პრობლემები, რასაც რუსთავის სხვადასხვა უბანში არსებული გარე ვაჭრობები ქმნის ქალაქში, ანტისანიტარიის და სურსათის უვნებლობის კუთხით.

მოსახლეობის უსაფრთხოების ნორმები ირღვევა სატრანსპორტო მიმართულებითაც, რადგან თითქმის სამანქანო გზაზე განლაგებული დახლები, ხელს უშლის ავტომანქანების ნორმალურ მოძრაობას და ხშირ შემთხვევაში, საავარიო სიტუაციის მაპროვოცირებელიც არის. რუსთავში ცოტა ხნის წინ გვქონდა ტრაგიკული შემთხვევა, რომელიც სამწუხაროდ ლეტალურად დასრულდა.

ამას გარდა, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას უკვე არაერთხელ მიმართა მოსახლეობამ პრობლემის მოგვარების მოთხოვნით, მერიაში შემოსულია აგრარულ ბაზარში დასაქმებული ადამიანების ერთობლივი განცხადებაც, სადაც ისინი სრულიად სამართლიანად ითხოვდნენ მუნიციპალიტეტისგან ადექვატურ რეაგირებას.

ქალაქის იერ-სახის გაუმჯობესების, შექმნილი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით და მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებულია მიიღოს კანონის შესაბამისი და მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ზომები. რუსთავის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელბმა,  არაერთხელ გააფრთხილეს გააფრთხილეს გარე მოვაჭრეები, როგორც ზეპირი, ისე წერილობითი სახით, მიმართვა გამოქვეყნებული იყო მერიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზეც. გარე ვაჭრობაზე დასაქმებულ ადამიანებს არაერთხელ შევთავაზეთ  საკუთარი საქმიანობის გაგრძელება, ვაჭრობისთვის კანონით განსაზღვრულ ტერიტორიაზე და იმედი გვაქვს, რომ ისინი გაიზიარებენ ქალაქის ინტერესებს, დაემორჩილებიან კანონს და საქმიანობას გააგრძელებენ ბაზრის ტერტორიაზე, სადაც ყველანაირი შესაბამისი პირობაა შექმნილი", - აცხადებს მერიის ადმინისტრაციის უფროსი მიხეილ მუზაშვილი.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები