,,ძალიან დიდი რაოდენობაა პაციენტების, რომლებიც თვითნებურად მიმართავენ ცხვირის გამხსნელებს"

2023-07-30 18:54:38

ალერგია პლანეტის მოსახლეობის ნახევარზე მეტს აწუხებს (საქართველოში – დაახლოებით 40%-ს) და ამ პრობლემის გავრცელების არეალი თუ სიხშირე, შეიძლება ითქვას, რომ ყოველწლიურად იზრდება.
ალერგია არის იმუნური სისტემის რეაქცია უცხო ნივთიერებებზე, მაგალითად ისეთზე, რომელიც ჩვეულებრივ არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. ალერგიის შესახებ დამატებით ინფორმაციაზე ,,ინფო რუსთავს" ალერგოლოგი ნინო მჭედლიშვილი ესაუბრა.
ექიმის თქმით, ალერგიას თან ახლავს ცემინება, თვალების ქავილი, ცხვირის გაჭედვა, რაც ხშირად, სიმპტომების მსგავსების გამო, ვირუსულ ინფექციაში ერევათ. ,,განსხვავება ისაა, რომ ალერგიის დროს ქავილი უფრო მეტად გამოხატულია. ვირუსული ინფექციის დროს არის ყვითელი გამონადენი ცხვირიდან, ხოლო ალერგიის დროს, ამბობენ, რომ თითქოს წყალივით მოსდით გამჭირვალე სეკრეტი და არ ახლავს ყვითელი გამონადენი." - ამბობს ალერგოლოგი ნინო მჭედლიშვილი.
ალერგოლოგის ცნობით, გაზაფხულზე დაწყებული ალერგიის მიზეზი შესაძლოა კვიპაროსის ან სხვა ალერგიული მცენარეების ყვავილობა იყოს, თუმცა, თუ ალერგიის სიმპტომები მთელი წლის განმავლობაში ფიქსირდება, მიზეზად შეგვიძლია სხვა ფაქტორები ვივარაუდოთ. ,,კვიპაროსის ყვავილობის შემდეგ, დაახლოებით აპრილის მერე, იწყებს ყვავილობას ბალახები და მარცვლოვნები, შემდგომ უკვე სარეველები, ეს არის ამბროზია და აბშანი. საქართველოში ძირითადად ეს არის მიზეზი. თუ პაციენტს აქვს მუდმივი სიმპტომები მთელი წლის განმავლობაში, უკვე უნდა ვივარაუდოთ, რომ მას აქვს ალერგია ან ოთახის მტვრის ტკიპაზე, ან ნესტის სოკოს სპორაზე, ან თუ ცხოველი ან ფრინველი ჰყავს, შესაძლოა მისი ალერგიაც იყოს და ეს ალერგოდიაგნოსტიკით გამოკვლევადია." - აღნიშნავს ნინო
მჭედლიშვილი.

ექიმის ცნობით, მკურნალობა ალერგიის სიმპტომებისა და სიმძიმის მიხედვით განისაზღვრება, რის შემდეგაც პაციენტის სრულად განკურნების მაღალი შანსია. ,,ვიწყებთ სტანდარტული მკურნალობით, სიმძიმის შესაბამისი ანტიალერგიული მედიკამენტებით, ეს იქნება დასალევი, ცხვირში თუ თვალში ჩასაწვეთებელი. არსებობს უფრო გრძელვადიანი მკურნალობა, რომელიც უზრუნველყოფს განკურნებასაც კი. როდესაც დადგენილია უკვე რაზე გვაქვს ალერგია, შეიძლება ამ მეთოდსაც მიმართოს პაციენტმა და აქვს 60-80% შანსი იმისა, რომ სრულად განიკურნოს." - აღნიშნავს ალერგოლოგი.
ნინო მჭედლიშვილის ცნობით, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის კვლევების მიხედვით, ალერგიის სეზონის ხანგრძლივობა და გლობალური დათბობა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ,,ბოტანიკის ინსტიტუტის თავზე დგას აპარატი, რომელიც ყოველდღიურად იჭერს ჰაერში შეწონილი მტვრის ნაწილაკების არსებობას. შემდეგ უკვე მაღალსპეციალიზებული ბიოლოგები ამას მიკროსკოპში ათვალიერებენ და კონკრეტულ დიაგნოზს გვეუბნებიან, თუ რომელი მცენარე არის აქტუალური. ზუსტად ამ პროცესის დანერგვამ აჩვენა, რომ ადრეულ გაზაფხულზე ძალიან მაღალი კონცენტრაცია გვაქვს კვიპაროსის, შემდეგ უკვე ბალახების. გლობალური დათბობიდან გამომდინარე, ყვავილობის სეზონი ხანგრძლივდება, შესაბამისად ადრე თუ ყვავილობდნენ მცენარეები ორი თვე, შეიძლება ოთხი თვეც იყვავილონ სარეველებმა და ესეც რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია." - ხაზს უსვამს ექიმი ნინო მჭედლიშვილი.

ალერგოლოგი ასევე ცხვირის გამხსენელების ხშირი მოხმრების უარყოფით მხარეებზე საუბრობს. ,,ძალიან დიდი რაოდენობაა პაციენტების, რომლებიც თვითნებურად მიმართავენ ცხვირის გამხსნელებს. მათი ხშირი და ხანგრძილივი გამოყენება არაფრით არ შეიძლება, რადგან დამიკიდებულება ხდება და ვითარდება ე.წ მედიკამენტური რინიტი, როგორც ნარკოტიკი, ისე ხდება მასზე დამოკიდებულება, მის გარეშე ვეღარ სუნთქავენ და ყველაზე ცუდი ისაა, რომ გვერდითი ეფექტები აქვს, ამიტომ აუცილებელია დროული მკურნალობა, რომ არ მოხდეს გვერდითი ეფექტების გამოვლინება ადამიანზე." - ამბობს ნინო მჭედლიშვილი.

ალერგოლოგი ნინო მჭედლიშვილი ამბობს, რომ არსებობს რჩევები, რომლებიც შეიძლება გავითვალისწინოთ ალერგიის შემსუბუქების მიზნით, იქნება ეს ალერგია სეზონური, არასეზონური, მტვრის ტკიპებისა თუ ა.შ. ,,ვისაც აქვს სეზონური ალერგიული რინიტი და ვიცით რაზეც გვაქვს ალერგია, იმ სეზონზე სასურველია, რომ ქარიან ამინდში სეირნობას მოერიდოს, რადგან ქარში მაქსიმალურად იფრქვევა ყვავილის მტვრის კონცენტრაცია და უფრო მეტად შეიძლება რომ დაავადდეს ადამიანი და აღარ ეყოს ის სტანდარტული ანტიალერგიული პრეპარატი. სახლში დაბრუნებისას მნიშვნელოვანია, რომ შხაპი მიიღოს, რადგან მექანიკურად მოხდეს სხეულიდან და თმიდან ალერგენების ჩამოცილება. სასურველია ცხვირის ხშირი გამორეცხვა ზღვის წყლის შემცველი სპრეებით. მნიშვნელოვანია ალკოჰოლს მოერიდონ, რადგან ალკოჰოლი პირიქით აძლიერებს ალერგიულ დაავადებებს, უფრო მეტად ხდებიან მიმღები ალერგენების მიმართ. მგზავრობის დროს სასურველია, რომ ფანჯარა ტრანსპორტში იყოს დაკეტილ მდგომარეობაში, რადგან ის მცენარიული მტვრის ნაწილაკები უფრო მეტად შემოიტყორცნება პაციენტთან და უფრო მეტად ამძიმებს მდგომარეობას. რაც შეეხება მტვრის ტკიპებზე ალერგიას, ამ შემთხვევაში, სასურველია რომ არ გვქონდეს ისეთი ქვეშაგები, რომლებიც არ ირეცხება, მაგალითად, მატყლის, ბუმბულის, რადგან ძირითადად იქ მრავლდებიან. ქვეშაგი უნდა ირეცხებოდეს, სასურველია თვეში ერთხელ, სამოც გრადუს ტემპერატურაზე, რადგან დაიღუპონ ტკიპები." - აღნიშნავს ალერგოლოგი ნინო მჭედლიშვილი.