რუსთავში 2024 წლის გაზაფხულზე სავაჭრო ცენტრი "რუსთაველი" გაიხსნება.
მრავალფუნქციურ კომპლექსში, წლების შემდეგ პირველად, ქალაქის მცხოვრებლებს საშუალება ექნებათ, კინოთეატრს ესტუმრონ. ახლადგახსნილ სავაჭრო ცენტრში კინოთეატრი "კავეა" იქნება წარმოდგენილი.
აღნიშნული ინფორმაცია "ინფო რუსთავს" ინვესტორ კომპანია "ნიუ მოლში" დაუდასტურეს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, კინოთეატრში ფილმების პრემიერები დიდ დარბაზში გაიმართება, ასევე "კავეა"-ში განთავსებული იქნება 2 მცირე დარბაზიც.
მრავალფუნქციურ კომპლექსში მომხმარებლებს დახვდებათ ბოულინგ ცენტრი და საერთაშორისო ბრენდების ტანსაცმლის მაღაზიებიც.
"რუსთაველი" მე-12 მიკრორაიონში მდებარეობს. მოლის სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია და ამ ეტაპზე, შიდა სივრცის მოწესრიგება მიმდინარეობს.
სხვა საინტერესო დეტალებს ახალ სავაჭრო ცენტრსა და კინოთეატრთან დაკავშირებით, "ინფო რუსთავი" პერიოდულად შემოგთავაზებთ.