რუსთავის ე.წ. სტამბულის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებმა რუსთავის მერიაში საპროტესტო აქცია გამართეს.
როგორც მოვაჭრეებმა საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" განუცხადეს, გარემოვაჭრეების გამო თავიანთ პროდუქტს ვეღარ ყიდიან და ქალაქის მერს განცხადებით მიმართეს, რომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას გარევაჭრობის წინააღმდეგ.
"მე ვარ ყველის სექციიდან. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ვდგავართ სუფთა ბაზარში, მოწესრიგებულები, შემოწმების გარეშე ყველი არ შემოგვაქვს, მაგრამ ხალხი არ გვყავს. რატომ არ გვყავს იცი, იმიტომ რომ გარეთ ქუჩაში ყრია ანტისანიტარიულად ყველი. განა შეიძლება ასე იყოს.
ვაჭრობა არ გვაქვს. ვერ გაივლი ქუჩაში. სამი წელია, მიუხედავად იმისა, რომ მერი შეგვპირდა გარემოვაჭრეობის მოგვარებას, არანაირი რეაგირება არაა. ქალაქი ქალაქს არ ჰგავს",- აცხადებს ერთ-ერთი მოვაჭრე.
აგრარულ ბაზარში დასაქმებულებს მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხეილ მუზაშვილი შეხვდა, რომელმაც მათთან საუბრისას განაცხადა, რომ საკითხს ქალაქის მერთან გაივლის.