რუსთავის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სკვერებში გახშირებული ვანდალური ფაქტების წინააღმდეგ საზოგადოება რუსთაველებმა კამპანია "ვანდალიზმი ტეხავს" წამოიწყო.
კამპანიის ფარგლებში პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი შატაკიშვილმა და რუსთავის საკრებულოში ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატებმა მუნიციპალურ ავტოტრანსპორტსა და ცენტრალურ სკვერში მოქალაქეებს ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო სტიკერები და ბროშურები დაურიგეს.
"ვანდალიზმის წინააღმდეგ მიმართული კამპანია რუსთავში საზოგადოება რუსთაველებმა დაიწყო, რომელშიც სხვადასხვა პერიოდში საზოგადოების სხვადასხვა ნაწილმა მიიღო მონაწილეობა. გამონაკლისი არც ჩვენ ვართ და დღეს ამ კამპანიას შევუერთდით საკრებულოს წევრებთან ერთად. გვაქვს საინფორმაციო ხასიათის აქტივობა.
ვანდალიზმს ჩვენ დავუპირისპირეთ რამდენიმე პრევენციული ღონისძიება. ერთი ის რომ ამ მიმართულებით კანონმდებლობა გამკაცრდა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა ცვლილება და უკვე მოქმედია. დღეს კი ვატარებთ საინფორმაციო ხასიათის აქტივობას და მოვუწოდებთ ყველას, რომ ვანდალიზმი ნამდვილად ტეხავს და მაქსიმალურად უნდა შევამციროთ. ყველა საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა საქალაქო იქნება, სატრანსპორტო თუ მოსასვენებელი ამის განადგურება დაზიანება, გვაზიანებს ყველას",- განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა.
ცნობისთვის, ივნისის თვიდან "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესული ცვლილებების მიხედვით, მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის, ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარესამეთვალყურეო კამერის განზრახ დაზიანება ან განადგურება, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის განზრახ დაზიანება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული ინვენტარის განზრახ დაზიანება ან განადგურება − გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
იმავე ქმედების განმეორება კი გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღემდე ვადით.
აღსანიშნავია, რომ აქამდე არსებული კანონმდებლობის თანახმად, მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფო ქონების დაზიანება ან განადგურება პასუხისმგებლობის დაკისრებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებდა, თუ დაზიანებული ან განადგურებული ნივთის ღირებულება 150 ლარს აღემატებოდა.