როგორ ვუმკრნალოთ აკნეს

2023-07-16 12:36:24

აკნე - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დერმატოლოგიური პათოლოგიაა, რომელიც მსოფლიო მოსახლეობის 70-80%-ის პრობლემას წარმოადგენს. აკნესა და მისი მკურნაოლობის გზებზე ,,ინფო რუსთავს'' დერმატოლოგი მერი ტაბატაძე ესაუბრა.

ექიმის თქმით, აკნე საკმაოდ გავრცელებული, რთული და ქრონიკულად მიმდინარე დაავადება, რომელიც შეიძლება სხვადასხვა ასაკში განვითარდეს.
,,აკნე საკმაოდ გავრცელებული და რთული დაავადებაა, ძირითადად ქრონიკულად მიმდინარე, მისი ინტენსიურად განვითარების ასაკი არის ძრითადად 17-დან 30 წლამდე, თუმცა არის ერთეული შემთხვევები ბავშვთა აკნესიც, როდესაც დაავადება თავს იჩენს ცხრა წლის ასაკში.'' - ამბობს მერი ტაბატაძე.

მერი ტაბატაძის თქმით, ხშირად არის შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ სქესში სჭარბობს დაავადება. ,,ინტენსივობის მიხედვით, არსებითი სხვაობა მონაცემებში არ გვაქვს, თუმცა, უმეტესად მაინც გოგონებში უფრო აქტიურია პრობლემა.'' - აღნიშნავს დერმატოლოგი.

ექიმი მერი ტაბატაძე ასევე გვესაუბრა აკნეს მკურნალობაზეც, რომლის პროცესშიც, მისი თქმით, ყველაზე არსებითი რუტინული კვლევებია. ,,აკნეს მკურნალობის დროს ყველაზე ხელჩასაჭიდი არის რუტინული კვლევები, რომ გამოვრიცხოთ რაიმე პათოლოგიური დაზიანება, ან სერიოზული დაავადების გამოხატვის ფორმა არ აღმოჩნდეს აკნე. გოგონებში ხშირად ეს არის ჰორმონალური დისბალანსი, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, კუჭნაწლავის ტრაქტის პათოლოგია. ასევე, მნიშვნელოვანია პაციენტის კვებისა და ძილის რეჟიმის მოწესრიგება. ამის შემდეგ, ვაკეთებთ კორექციას დანარჩენი პათოლოგიების, შემდეგ კი, ვიწყებთ რუტინულად მკურნალობას.'' -  აღნიშნავს მერი ტაბატაძე.

დერმატოლოგი ასევე ბავშვთა აკნეს - ყველაზე მსუბუქი გამოხატულების ფორმაზე, აკნესთან მექანიკური კონტაქტის უარყოფითობასა და კოსმეტოლოგიური ჩარევების შესახებაც საუბრობს. ,,ბავშვთა აკნე არის ყველაზე მსუბუქად გამოხატული ფორმა, აქედან გამომდიონარე, თუ სწორ ძილისა და კვების რეჟიმს შევარჩევთ, ყველაფერი თავისთავად და ბუნებრივად მოწესრიგდება. თუ გვაქვს სერიოზული დარღვევები, ამ დარღვევევის მოწესრიგების გარეშე ხარისხიან და საფუძვლიან შედეგზე ვერ გავალთ. აკნესთან მკურნალობის დროს, დაუშვებელია სახესთან მექანიკური შეხება ან აკნესთან რაიმე სახის მექანიკური კონტაქტი. ეს ყოველთვის მთავრდება ნაწიბურებით, დეფექტებით, რომელიც პლასტიკური ქირურგიის გარეშე, თითქმის შეუძლებელია რომ აღმოფხვრა. ყველაზე საჭირო ამ დაავადებების დროს, არის პაციენტის ინფორმატიულობა იმის შესახებ, თუ რამდენად სწორად იქცევა და რამდენად სწორად უვლის თავის კანს. აუცილებლად ვაკვალიანებთ იმის შესახებ, თუ რა შედეგზე შეიძლება გავიდეს მკურნალობა. ბოლო ეტაპად შეიძლება ჩაითვალოს კოსმეტოლოგიური პროცედურა, ნაწიბურების ალაგება, მოწესრიგება. შეიძლება ჩაითვალოს პილინგი, სწორად შერჩეული კოსმეტოლოგიური საშუალებები, შეიძლება გაკეთდეს ბიორევიტალიზაცია.'' - ამბობს დერმატოლოგი მერი ტაბატაძე.

ექიმის აღნიშვნით, არსებობს აკნეს სხვადასხვა ხელშემწყობი ფაქტორები, რომელიც შეიძლება მოიცავდეს არაჯანსაღ სამუშაო გარემოს, არასწორ მკურნალობას, ან სტრესულ ფაქტორებს.
,,თუ სწორ დასაბან საშუალებას არ იხმარს, თუ ჭუჭყიან სამუშაოსთან აქვს შეხება, თუ სტრესთანაა დაკავშირებული მისი სამუშაო, ეს ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია. აკნე არის სახეზე არსებული გულისა და ოფლის ჯირკვლების არასწორი სეკრეციის შედეგი. თუ პაციენტი მას არასწორად უვლის, ხდება საცობის გაკეთება ჯირკვლის შესასვლელთან, რაც უკვე იწვევს იმ გამონაყარს, რომელზეც ვსაუბრობთ. თუ პაციენტი არის სამზარეულოში დატვირთული, სტრესულ გარემოში მომუშავე, თუ მას უწევს ჭუჭყიანი, მტვრიანი სამუშაოს შესრულება, ალბათობა იმისა, რომ დაავადება კიდევ უფრო რთულად და მძიმედ წავა, დიდია.'' 

დერმატოლოგის თქმით, დაავდების გავრცელების ადგილები ძირითადად მოიცავს T ზონას, სახეს - შუბლს, ლოყების არეს, ნიკაპს, ზურგის არეს. ასევე მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენის დაცვა დაავადების გავრცელებისთვის თავის ასარიდებლად. ,,თუ დაავადებას ბაქტერიული პროცესი ემატება, მეტი ალბათობაა, რომ ის გავრცელდეს პირადი მოხმარების ნივთებით, ხელით, წყლის საშუალებით შხაპის მიღების დროს, ამიტომ პაციენტს ყოველთვის ვაფრთხილებთ, რომ პირადი ჰიგიენა ერთ-ერთი წამყვანია მკურნალობისას.'' - ამბობს ექიმი მერი ტაბატაძე.

დერმატოლოგი ასევე თვითმკურნალობის რისკებსა და უარყოფით მხარეებს, დაავადებასთან დაკავშირებით გავრცელებულ მითებს უსვამს ხაზს. ,,ყველაზე ცუდი არის, როდესაც პაციენტი იწყებს თვითმკურნალობას, სააფთიაქო ქსელის სარგებლობისას ირჩევს კოსმეტოლოგიურ საშუალებას თვითონ, არ აქცევს ყურადღებას კანის ტიპს, პრობლემის გამოწვევ მიზეზს. შესაბამისად, იწყებს არასწორად მკურნალობას, რაც კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობასა და შედეგის მიღწევას მკურნალობისას.  ასევე არის ერთ-ერთი მითი, რომ მექანიკურად უნდა დაიმუშაოს გამონაყარი, მექანიკურად მოიშოროს ჩირქოვანი მასა, რაც კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას, ართულებს იმითაც, რომ რჩება დეფექტი, ნაწიბური, რომლის ალაგებაც კიდევ უფრო რთულია. მითია ისიც, რომ რაღაცის ჭამის შემდეგ ნაღვლის ბუშტი გაღიზიანდა და გამოიაწვია გამონაყარი, ეს უბრალოდ ერთ-ერთი მაპროვოცირებელია არასწორი კვების. მითია ისიც, რომ დაავადება მემკვიდრეობითია.'' - ამბობს დერმატოლოგი.