რუსთავში 60-მდე სალონი შემოწმდა

2023-07-04 15:18:24

პირველი აპრილიდან დღემდე რუსთავში ააიპ რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრმა ქალაქში არსებული 60-მდე სალონი შეამოწმა.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ცენტრის ხელმძღვანელმა დავით იშხნელმა განუცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის გამოწერილია 200-მდე აქტი.

"სალონებში დაახლოებით 200-მდე აქტი გვაქვს დაწერილი, როგორც პირველადი, ასევე მეორადი შესვლისას.

ჯარიმა არავის არ დაუმსახურებია, პირველი გამაფრთხილებელი მონიტორინგის შემდეგ, მეორეზე აბსოლუტურად ყველაფერი მოწესრიგებული აქვთ ხოლმე. ზოგმა რემონტიც გააკეთა, ზოგმა გადააკეთა. მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის თანამშრომლობისთვის.

15-მდე სალონი იყო, სადაც პირველივე შესვლაზე არანაირი შენიშვნა არ გვქონია. პირველივე შესვლაზე ყველა რეგულაციას აკმაყოფილებდნენ",- განგვიცხადა დავით იშხნელმა.

ცნობისთვის, სალონებში დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში მეპატრონე ფიზიკური პირებისთვის ჯარიმა 50 ლარია, ხოლო იურიდიული პირებისთვის 100 ლარი. განმეორების შემთხვევაში 500 და 1000 ლარი.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები