პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით 2024 წლიდან 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი აიკრძალება.
ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა რაც დარჩა, არის ჰაერის დაბინძურება. ძალიან ბევრი გაუმართავი ავტომობილის გამო, მოგეხსენებათ, რომ ეს პირდაპირ კავშირშია ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასთან.
ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ ქვეყანაში ავტომობილების ევრო 5 სტანდარტი შემოვიღოთ. ეს ნიშნავს იმას, რომ 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება. ჩვენი სურვილი და გადაწყვეტილება ასეთია, რომ რეგულაცია მსუბუქი ავტომობილებისთვის შევიდეს ძალაში 2024 წლის 1 იანვრიდან. ხოლო ავტობუსებისთვისა და სატვირთო ავტომობილებისთვის 2025 წლის 1 იანვრიდან.
ამ თარიღებიდან ქვეყანაში ვეღარ დარეგისტრირდება ევრო 5-ის სტანდარტზე უფრო ცუდი ხარისხის ავტომობილი. მიღებული გადაწყვეტილება არ შეეხება ქვეყანაში უკვე არსებულ ავტომობილებს, ისევე როგორც რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზნებისთვის შემოსულ ავტომობილებს",- განაცხადა ღარიბაშვილმა.