ენდოკრინოლოგიური პრობლემები ბავშვებში

2023-06-05 11:57:41

ენდოკრილოგ მარინე გოგატიშვილის განცხადებით, ენდოკრინოლოგიური პათოლოგიები, პატარებში, ძირითადად სკოლის ასაკის ბავშვებში ჭარბობს. მათგან ყველაზე ხშირია ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, ზრდის შეფერხება, სქესობრივი მომწიფების შეფერხების ან პირიქით,  ნაადრევი განვითარების გამო. პრობლემებზე მომართვიანობა ბოლო წლების განმავლობაში შაქრიანი დიაბეტისა და სიმსუქნის გამო გაიზარდა, რასაც პროვოცირება კოვიდმაც გაუწია.

ექიმის თქმით., ძირითად გამოწვევ მიზეზებს ეკონომიკური და ეკოლოგიური პრობლემები, არაჯანსაღი ცხოვრების წესი და სწრაფი კვების პროდუქტის ხშირი მოხმარება წარმოადგენს. ენდოკრინოლოგიური პათოლოგიები შეიძლება ასევე გენეტიკური ფაქტორით იქნას გამოწვეული.

 მარინე გოგატიშვილის განმარტებით, ენდოკრინოლოგიური პრობლემის ერთ-ერთი მთავარი სიმპტომი მოზარდში ზრდის შეფერხებაა, რის შემთხვევაშიც ენდოკრინოლოგთან კონსულტაცია აუცილებელია. ერთ-ერთ სიმპტომს მოზარდებში სქესობრივი მომწიფების ნიშნების ნაადრევი ან დაგვიანებული  გამოვლინება წარმოადგენს. პათოლოგიას შეიძლება ახასიათებდეს საერთო სისუსტე, დაღლილობა, კუნთების, სახსრებისა და ძვლების  ტკივილი, ემოციური ლაბილობა, პულსის აჩქარება ან შენელება, ათვისების უნარის დაქვეითება, წონის მკვეთრი მატება ან დეფიციტი.

ექიმი მარინე გოგატიშვილის ინფორმაციით, პათოლოგიის პრევენცია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვით არის შესაძლებელი, რომელიც მოიცავს ჯანსაღ კვებას, ფიზიკურ აქტივობასა და ძილის რეჟიმის დარეგულირებას. ჯანსაღი კვება არა დიეტას, არამედ ბალანსირებულ რაციონალურ კვებას გულისხმობს, რომელიც ცილებს, ნახშირწყლებს, ცხიმებს, მიკრო და მაკრო ელემენტებს, ვიტამინებსა და წყალს მოიცავს. მნიშვნელოვანია ფიზიკურ აქტივობებში ჩართვაც, როგორიცაა ვარჯიში, ცურვა.