კომპანია რუსთავის წყალის განცხადება:
"ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების ქსელზე არსებული ფარული დანაკარგებისა და ქსელის მდგომარეობის დეტალურად შესწავლის მიზნით კომპანია ,,რუსთავის წყალი” ქალაქში საძიებო- სადიაგნოსტიკო სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს.
რუსთავის წყალმომარაგების სისტემის მდგომარეობა მძიმეა, სისტემის მასშტაბურობა და სამუშაოების სირთულე საკმაოდ დიდ დროს და სრულ მობილიზებას მოითხოვს, სწორედ ამიტომ კომპანია “რუსთავის წყალი” კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ტექნიკური ჯგუფების მხარდაჭერით ქალაქის მასშტაბით ქსელის სრულ დიაგნოსტირებას ატარებს.
წყალმომარაგების პრობლემის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი არის ფარული დანაკარგები, მიწისქვეშა ჟონვები. სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე შეიქმნა 30 კაციანი სპეციალური საძიებო-სადიაგნოსტიკო ჯგუფი, რომელმაც ქართველი და ესპანელი ტრენერების მიერ ერთ თვიანი გადამზადების კურსი გაიარა. თეორიულ სწავლებასთან ერთად ჯგუფის წევრებმა შეისწავლეს სპეც ტექნიკასთან მუშაობის და ფარული დანაკარგების აღმოჩენის თანამედროვე მეთოდები.
აღნიშნული ჯგუფისთვის კომპანიამ შეიძინა სპეციალური მანქანები, საძიებო ტექნიკა და აღჭურვილობა, რომლითაც ხდება ქსელის მდგომარეობის შესწავლა, მილების მიმართულებისა და ჩაღრმავების განსაზღვრა, ასფალტის საფარის ქვეშ მოქცეული ჭების ძიება და ფარული დანაკარგების ლოკალიზება.
საძიებო-სადიაგონოსტიკო ჯგუფმა ერთი თვის განმავლობაში ქალაქ რუსთავში 66 კმ წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელი და განშტოებები შეამოწმა. ამ დროისთვის აღმოჩენილი 55 დაზიანებების შეკეთება ეტაპობრივად, შესაბამისად შემუშვებილი გეგმის მიხედვით ხდება, 16 ლოკაციაზე უკვე ჩატარდა აღდგენითი სამუშაოები.
საძიებო სადიაგონსტიკო ჯგუფი ქალაქ რუსთავის ქსელის შესწავლას ოქტომბერში დაასრულებს. ჯამში დიაგნოსტიკა 480 კმ ქსელს ჩაუტარდება. მულტიფუნქციური ჯგუფები სისტემატურად ივლიან ქალაქში და შეისწავლიან მიწისქვეშა დაზიანებებს.
წყალმომარაგების ქსელზე ფარული დაზიანებების გამოვლენა და შეკეთება მნიშვნელოვანია როგორც წყლის დანაკარგების შემცირებისთვის, ასევე ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების ქსელის სისტემური გაუმჯობესებისთვის"
ინფორმაციას კომპანია "რუსთავის წყალი" ავრცელებს