რუსთავის მერიაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის საკითხებზე იმსჯელეს

2023-05-22 12:14:26

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელთან, მინდია ივანიშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტში ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, რუსთავის მუნიციპალურ ინსპექციაში განხორციელებული რეფორმის შესახებ ისაუბრა და გარემოს დაცვის კუთხით ერთობლივად გასატარებელ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება. ,,გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელთან სამუშაო შეხვედრის ფორმატში ვიმსჯელეთ იმ საკითხებზე, რომელიც ჩვენს ქალაქს აწუხებს. ერთობლივად დავსახეთ ის გზები და გეგმები, რომელიც გარემოს დაცვის კუთხით რუსთავში არსებულ სიტუაციას კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესებს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ. მხარეებმა სამუშაო შეხვედრის ფორმატში, საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში, ნარჩენების მართვისა და გარემოს დაბინძურების მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებზე ისაუბრეს და ურთიერთთანამშრომლობის გეგმები დასახეს. ,,შევხვდით ქალაქის მერს, გვქონდა საქმიანი შეხვედრა. ვისაუბრეთ მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ჩვენი სამსახურის - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კუთხით არსებულ კანონმდებლობაზე და ამ კანონმდებლობის შესაბამისად, გარემოს დაცვის კუთხით ქალაქში გასატარებელ ღონისძიებებზე. გავცვალეთ ინფორმაცია და ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა ნაყოფიერი იქნება ორი სამსახურის შემდგომი ურთიერთობისთვის“, - განაცხადა მინდია ივანიშვილმა. სამუშაო შეხვედრას რუსთავის მერის მოადგილე კახა გურული, ქალაქის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი და წარმომადგენლები ესწრებოდნენ.