იცოდი? - როდის და ვისი ინიციატივით დაიდგა იაღლუჯის მთაზე ჯვარი.
იაღლუჯის მთაზე ჯვრის მონუმენტი, რომელიც რუსთავს გადმოჰყურებს, ქალაქის ყველა წერტილიდან ჩანს, თუმცა მისი ისტორია ცოტამ თუ იცის.
მისი დადგმის ინიციატივა 90-იან წლებში მაშინდელ რუსთავის მერს მერაბ ტყეშელაშვილს გაუჩნდა.
ტყეშელაშვილმა იდეა საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, ილია მეორეს გააცნო, აჩვენა ჯვრის ესკიზებიც, რომელიც მისი და არქიტექტორ ამირან ჩოქურის მიერ იყო შესრულებული, და პატრიარქისგან მიღებული კურთხევის შემდეგ 1997 წლის სექტემბერში ჯვრის მონუმენტზე მუშაობა დაიწყო.
ლითონის კონსტრუქცია "ლითონშემკეთებლსა" და "სარინის" საწარმოებში აიწყო.
ზუსტად ერთ წელში, 1998 წლის 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, რომლის პარალელურადაც "რუსთავქალაქობაც" იყო, იაღლუჯის მთაზე რკინისაგან დამზადებული ჯვრის 4 ნაწილიანი კონსტრუქცია აიტანეს და ააწყეს.
მონუმენტის აღმართვას ესწრებოდა კათალიკოს პატრიარქი ილია მეორეც, რომელმაც ჯვარი აკურთხა კიდეც.
კონსტრუქციის აწყობის შემდეგ ჯვრის ძირში სალოცავი მოაწყვეს.
ჯვრის დადგმის შემდეგ დაიბადა იდეა, რომ იაღლუჯაზე სამონასტრო კომპლექსი აშენებულიყო, სადაც ხატწერის, ხუროთმოძღვრებისა და სხვადასხვა მიმართულების სკოლა იქნებოდა.
რუსთავის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ მთავრობის რამდენიმე წერილიც მისწერა, რომ გარკვეული ტერიტორია საპატრიარქოსთვის გადაეცათ, თუმცა ეს თხოვნა არ დაკმაყოფილდა.
ასევე იყო სურვილი, რომ ჯვრის მონუმენტამდე საბაგირო გაკეთებულიყო, მაგრამ ეს იდეაც ვერ განხორციელდა.
ჯვარი რომ ღამითაც ყველა წერტილიდან გამოჩენილიყო, ელექტრო ენერგიის სადენები პურის ქარხნიდან გაიჭიმა, რის შემდეგაც ჯვრის ძირში პროჟექტორები დაამონტაჟეს.