რუსთავში, რჩეულიშვილის ქუჩაზე, ახალი მულტიფუნქციური რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, პროექტის მიმდინარეობას, ინფრასტრუქტურის სამსახურთან და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების" წევრებთან ერთად, სამუშაო შეხვედრის ფორმატში ადგილზე გაეცნო.
,,რუსთავის მერიის გუნდი ვაგრძელებთ ჩვენი ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვას. ჩვენ ჭყონდიდელის დასახლებაში უკვე მოვაწყვეთ ახალი შიდა საუბნო სივრცეები, ასევე მოსახლეობის თხოვნით, რჩეულიშვილის ქუჩის მიმდებარედ, მულტიფუნქციური რეკრეაციული სივრცის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. ძირითადი სამუშაოები თვის ბოლომდე დასრულდება და აღნიშნულ უბანს შეემატება ახალი რეკრეაცია დასასვენებელი, სპორტული, გასართობი სივრცეებითა და მწვანე კუნძულებით“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
რჩეულიშვილის ქუჩაზე ახალი სკვერი მოსახლეობის მოთხოვნით კეთდება, პროექტი 15 ათასზე მეტ კვადრატულ მეტრ ფართობზე, საბავშვო და სპორტული, დასასვენებელი სივრცეების, გარე განათებისა და მწვანე კუნძულების მოწყობას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, რჩეულიშვილის ქუჩიდან გრანელის ქუჩაზე ჩასასვლელი კიბეც მოეწყობა, პროექტის ღირებულება, 1 688 134 ლარია.
,,ეს ტერიტორია წლების განმავლობაში მიტოვებული იყო. ამ ქუჩაზე სკვერის მოწყობა იყო მოსახლეობის მოთხოვნა და ჩვენი დაპირებაც. ძალიან კარგია, რომ ასეთი კარგი პროექტი ხორციელდება და ჭყონდიდელის დასახლებას, სულ მალე ექნება ერთ-ერთი თვალსაჩინო დასასვენებელი და სპორტული სივრცე“, - განაცხადა რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრმა ბადრი მაჭავარიანმა.
მწვანე ქალაქის კონცეფციის ფარგლებში, რუსთავში ამ ეტაპზე, ახალი და ვრცელი რეკრეაციული სივრცეების მოწყობის სამუშაოები 3 ლოკაციაზე - რჩეულიშვილისა და კლდიაშვილის ქუჩებზე, ასევე 21-ე მიკრორაიონში მიმდინარეობს, რისთვისაც ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან, ჯამში 6,5 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
2022-2023 წლებში, რუსთავში, მწვანე საზოგადოებრივი სივრცეები, 63 411 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო, დღეისთვის ახალი რეკრეაციული სივრცეების მოწყობის სამუშაოები, 51 428 კვადრატულ მეტრ ფართობზე მიმდინარეობს.
ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.